კავკასიაში ომის საფრთხე იზრდება

კავკასიაში ომის საფრთხე იზრდება

World Socialist Web Site  კლარა ვეისის სტატიას აქვეყნებს სათაურით „კავკასიაში ომის საფრთხე იზრდება“, სადაც ავტორი კავკასიის რეგიონის პრობლემას მიმოიხილავს და აცხადებს, რომ ჰილარი კლინტონის ვიზიტმა ყარაბაღის კონფლიქტის ესკალაციას და რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის გამწვავებას შეუწყო ხელი. 

კავკასიაში, სადაც შეერთებული შტატების გეოპოლიტიკური ინტერესები რუსეთის და ირანის გეოპოლიტიკურ ინტერესებს ეჯახება, მთიანი-ყარაბახის გამო სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ომის საფრთხე მატულობს.

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა, ჰილარი კლინტონმა, 4-6 ივნისს სომხეთში, აზერბაიჯანსა და საქართველოში ვიზიტისას, ცეცხლზე ნავთი დაასხა.მთიანი-ყარაბახის ტერიტორიაზე პრეტენზია ორივეს, სომხეთსაც და აზერბაიჯანსაც აქვს. ამ ტერიტორიის გამო დავა, რაც საუკუნეზე მეტ დროს ითვლის, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ განახლდა. სამხედრო კონფლიქტი 1980-იანი წლების ბოლოდან და ორივე ქვეყნის დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ გრძელდება. 1991-1994 წლების ომის დროს 25.000 ადამიანი დაიღუპა, მილიონზე მეტი კი დევნილი გახდა.რეგიონი, რომელიც დღეს ძირითადად სომხებით არის დასახლებული, საერთაშორისო სამართლის თანახმად აზერბაიჯანს ეკუთვნის, და შესაბამისად სომხეთის მიერ „ოკუპირებულად“ ითვლება; ორივე ქვეყანა დღემდე ოფიციალურად საომარ ვითარებაშია. 2010 წლიდან შეტაკებების რიცხვი საზღვარზე იზრდება.

რეგიონში ჰილარი კლინტონის ვიზიტს კონფლიქტის ახალი ესკალაცია მოჰყვა. ივნისის დასაწყისიდან, ოცი სომეხი და რვა აზერბაიჯანელი, მათ შორის სამოქალაქო პირი, დაიღუპა. დღეს უკვე ბევრი მედია საშუალება საუბრობს „საომარ ვითარებაზე“.

ამერიკა და ევროპა ამ კონფლიქტს რეგიონზე რუსეთის გავლენის ჩასახშობად იყენებენ; ეს რეგიონი 1991 წელს საბჭოთა კავშირის დაშლამდე მოსკოვს ეკუთვნოდა. მაგრამ ამერიკა და ევროპა ამ შემთხვევაში შეთანხმებულად არ მოქმედებენ. მაშინ როდესაც საფრანგეთი მხარს უჭერს სომხეთს, რომელსაც რუსეთის მხარდაჭერაც აქვს, შეერთებული შტატები მჭიდროდ თანამშრომლობს აზერბაიჯანთან, თურქეთთან და საქართველოსთან და იმავდროულად, სომხეთის მომხრობასაც ცდილობს.

რუსეთის და ირანის საზიანოდ, ამერიკამ საკუთარი გავლენა ამ რეგიონზე 1990-იანი წლებიდან გაავრცელა. კერძოდ, 2003 წლის „ვარდების რევოლუცია“ საქართველოში, როდესაც ამერიკა მოქმედ პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს ხელისუფლებაში მოსვლაში დაეხმარა, ამ მხრივ გარდამტეხი იყო. ორივე, აზერბაიჯანიც და საქართველოც, ამერიკის ახლო მოკავშირეები არიან და ვაშინგტონის სამხედრო რესურსებით არიან შეიარაღებულნი. ორივე ქვეყანა ე.წ. „სამხრეთ დერეფანს“ განეკუთვნება, რომლის მილსადენების მეშვეობითაც რუსეთის გვერდის ავლით ევროპას კასპიის რეგიონიდან მიეწოდება გაზი და ნავთობი.

 

შეერთებული შტატები დღემდე ცდილობს, თავიდან აიცილოს განახლებული სამხედრო კონფლიქტი სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის, რადგან ამ ორ ქვეყანას შორის ომმა შესაძლოა საფრთხე შეუქმნას ამერიკის და ევროპის ინტერესებს და სერიოზული კონფრონტაცია გამოიწვიოს რუსეთთან და ირანთან.

კლინტონის კავკასიაში ვიზიტის დროს New York Times წერდა: „ამერიკა და ევროპა ვეღარ შეძელებენ მთიან-ყარაბახთან დაკავშირებული მოლაპარაკებების მეორე პლანზე შენარჩუნებას. ამ მხრივ აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი ქვეყნის შიგნით ზეწოლის ქვეშაა, რაც მას მოქმედებისკენ უბიძგებს, მაგრამ ევროპამ და ამერიკამ უნდა გააფრთხილონ ის შესაძლო ნეგატიურ შედეგებზე, კერძოდ უფრო ფართომასშტაბიან რეგიონალურ ომზე; ამ ამბავს შეიძლება აზერბაიჯანში ენერგეტიკული ინვესტიციები და ევროპისკენ მიმავალი მთავარი გაზსადენი, „ნაბუქო“, შეეწიროს“

„ნაბუქოს“ მილსადენი ევროკავშირის პროექტია, რომლის მიზანიც არის ცენტრალური ევროპისთვის შუა აზიიდან გაზის მიწოდება რუსეთის გვერდის ავლით. რამდენიმე თვეა, რაც პროექტს ჩაშლის საფრთხე ემუქრება.თავისი ვიზიტის დროს, კლინტონმა განაცხადა, რომ კონფლიქტი მშვიდობიანი გზით უნდა გადაწყდეს. შემდეგი სამშვიდობო მოლაპარაკებების ჩატარება 18 ივნისს პარიზში იგეგმება. ბოლო წლების განმავლობაში, ამერიკის შეერთებული შტატები ფოკუსირებულია სომხეთთან ურთიერთობების გაუმჯობესებაზე, მის დაახლოებაზე თურქეთთან, ნატოს წევრ ქვეყანასთან. ვიზიტის დროს, კლინტონმა ხაზი გაუსვა ამ ორ ქვეყანას შორის (სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის) ორმხრივი ურთიერთობის განვითარების მნიშვნელობას. ვაშინგტონი კავკასიაში რუსეთის და ირანის იზოლაციას და ტრანსკასპიურ მილსადენურ პროექტებში სომხეთის გამარჯვების ხელშეწყობას ცდილობს. სომხეთი ის ბოლო ქვეყანაა, რომლითაც რუსეთს და ნაწილობრივ ირანსაც, რეგიონზე გავლენის მოხდენა შეუძლიათ.

მოსკოვსა და ვაშინგტონს შორის დაძაბული ურთიერთობა, ისევე როგორც ირანის წინააღმდეგ ამერიკის შეერთებული შტატების და ისრაელის საომარი მზადება კავკასიის რეგიონში ომის გაღვივების საშიშროებას ქმნის, რაც, შესაძლოა სწრაფად გადაიზარდოს ზესახელმწიფოებს შორის კონფლიქტში.რუსეთმა, რომელსაც კავკასიაში ერთადერთი სამხედრო ბაზა სომხეთში აქვს, ხელი მოაწერა შეთანხმებას, რომლის თანახმადაც, ომის შემთხვევაში ის ერევანს დაეხმარება. 11 ივნისს New York Times-მა დაწერა, რომ რუსეთის თვითმფრინავები სომხეთის ტერიტორიაზე ფართომასშტაბიან წვრთნებს ატარებენ. რუსმა პოლკოვნიკმა იგორ გორბულმა რუსულ საინფორმაციო სააგენტოს „ინეტერფაქს“ განუცხადა, რომ რუსი პილოტები სამხედრო მოქმედებებისთვის ემზადებიან.

სავარაუდოდ, ირანიც სომხეთის მხარეს დაიჭერს. ახლახანს, რუსი კომენტატორი ანდრეი სმირნოვი წერდა: „ირანიც არ დაუშვებს იმას, რომ სომხეთმა დაკარგოს მთიანი-ყარაბახი. ამგვარი სცენარის განვითარების შემთხვევაში, ირანი რეგიონში გააგზავნის ჯარებს, რადგან ეს თეირანისთვისაც სიკვდილ-სიცოცხლის საკითხია. ერთადერთი პასუხგაუცემელი კითხვა შემდეგია: რა უფრო ადრე დაიწყება – ომი მთიან-ყარაბაღში თუ ომი ირანის წინააღმდეგ“.

ამერიკის შეერთებული შტატები, სავარაუდოდ, მხარს დაუჭერს აზერბაიჯანს. აზერბაიჯანი არამხოლოდ მნიშვნელოვანი ენერგომომმარაგებელი და სატრანზიტო დერეფანია ცენტრალური აზიისთვის და კასპიის გაზისთვის, არამედ მას უდიდესი სამხედრო და სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს. ისრაელი და შეერთებული შტატები სისტემატიურად აიარაღებდნენ მის ფლოტს და არმიას, ამზადებდნენ რა ირანის წინააღმდეგ ომისთვის.ბაქომ უკვე მხარი დაუჭირა შეერთებული შტატების ომს ერაყში, კოსოვოსა და ავღანეთში. ნატოს ჯარების დაახლოებით ერთი მესამედი კასპიის რესპუბლიკის გავლით გადაადგილდება ავღანეთში.აზერბაიჯანის პრეზიდენტთან, ილჰამ ალიევთან საუბრისას, ჰილარი კლინტონმა, ამ ორ ქვეყანას შორის მომავალი სამხედრო და ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებაზე ისაუბრა და ნატოს წლევანდელ სამიტში აზერბაიჯანის მონაწილეობა დადებითად შეაფასა. ბაქო წელს პირველად მონაწილობდა ალიანსის სამიტში, მაშინ როდესაც რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა შეერთებულ შტატებთან და ნატოსთან დაძაბულობის ფონზე უარი თქვა დასწრებოდა სამიტს.

კლინტონის ვიზიტმა საქართველოში კიდევ უფრო გაამწვავა რუსეთთან დაძაბულობა. 2003 წლის „ვარდების რევოლუციის“ და 2008 წლის ომის შემდეგ კავკასიაში, როდესაც საქართველო ამერიკის მხარდაჭერით სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის რეგიონების გამო რუსეთს ებრძოდა, თბილისსა და მოსკოვს შორის ურთიერთობა გაფუჭებულია.ამ წლის დასაწყისში, რუსული პასპორტების ჩანაცვლების მიზნით, საქართველომ სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში მცხოვრებთათვის გამოსცა ე.წ. ნეიტრალური პასპორტები. რუსული მედიის ინფორმაციით, პასპორტები გამოცემულია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ და ამიტომ რთული დასაჯერებელია, რომ ის „ნეიტრალურია“. ვიზიტის დროს, კლინტონმა განაცხადა, რომ ვაშინგტონი ამ პასპორტებს აღიარებს. რაზეც რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესპიკერმა ალექსანდრე ლუკაშევიჩმა განაცხადა: „სამწუხაროდ, ქალბატონი კლინტონის განცხადებები, რომელიც მან საქართველოში გააკეთა, ცხადყოფს, რომ ვაშინგტონმა ვერაფერი ისწავლა 2008 წლის კავკასიის მოვლენებიდან“.

სტატიას ქართულ ენაზე Foreignpress.ge გთავაზობთ.