„დემოკრატიული მოძრაობა ერთიანი საქართველო“:  თორნიკე არევაძე უკანონოდ დააპატიმრეს

„დემოკრატიული მოძრაობა ერთიანი საქართველო“: თორნიკე არევაძე უკანონოდ დააპატიმრეს

„დემოკრატიული მოძრაობა ერთიანი საქართველო“ „სახალხო კრების“ ქვემო ქართლის ორგანიზაციის ხელმძღვანელი თორნიკე არევაძის დაკავების ფაქტს აპროტესტებს. აღნიშნულთან დაკავშირებით,  ერთობლივი ბრიფინგი „დემოკრატიული მოძრაობა ერთიანი საქართველო“ -ს წევრმა ბესიკ ტაბატაძემ და თორნიკე არევაძის ადვოკატმა ნონა ფილაურმა გამართა.

„დემოკრატიული მოძრაობა ერთიანი საქართველო“ რუსთავის საპყრობილეში მყოფ მსჯავრდებულ თორნიკე არევაძის დაკავებას პოლიტიკურად მოტივირებულად მიიჩნევს და აცხადებენ, რომ მიუხედავად იმისა, რომ თორნიკე არევაძე საკუთარი პოლიტიკური შეხედულებებისა და აქტიურობის გამო,  წლების მანძილზე განიცდის დევნას არსებული რეჟიმის და ძალოვანი სტრუქტურების მხრიდან, მიუხედავად იმისა, რომ მის მიმართ არაერთხელ იყო დაშინების, დატერორებისა და პროვოკაციის მოწყობის მცდელობა, თორნიკეს სამართლიანობისათვის ბძოლაში უკან არასოდეს დაუხევია. 

პარტიაში აცხადებენ, რომ მიმდინარე წლის  27აპრილს  სტუდია „ობიექტივის“ ეთერში მან ღიად ისაუბრა რუსთავში სამთავრობო გუნდის და ვანო მერაბიშვილის მიერ მოწყობილ ფარული შეხვედრების დეტალებზე და სწორედ ამ ეთერიდან რამდენიმე დღეში თორნიკე არევაძე უკანონოდ დააპატიმრეს.

„თორნიკე არევაძეს დაკავების  დღიდან,   ფსიქოლოგიური ზეწოლის ქვეშ ამყოფებენ. მისივე თქმით, მთავარ სამმართველოში მიყვანის შემდეგ პოლიციის მაღალჩინოსნებმა  მას 27 აპრილის „ობიექტივში“,  ჩვენს მიერ ზემოხსენებული გამოსვლა გაახსენეს. ჩვენდა სამწუხაროდ, ხვალიდან, დიდი ალბათობით,  „სახალხო კრებასა“ და  „დემოკრატიულ მოძრაობას“  ერთი პოლიტპატიმარით მეტი გვეყოლება.  2011 წლის 26 მაისის სისხლიანი სადამსჯელო სპეცოპერაციის შემდეგ 42 პოლიტპატიმარი გვყავს, მაგრამ ჩვენ ამით ვერ შეგვაშინეს. დაარსების დღიდან არც „სახალხო კრებას“ და არც „დემოკრატიულ მოძრაობას“ ერთი წუთით არ  შეგვიჩერებია ბრძოლა არსებული რეჟიმის წინააღმდეგ. დარწმუნებულნი ვართ ჩვენს სიმართლეში, ჩვენი ბრძოლა სამართლიანია და აუცილებლად მივაღწევთ გამარჯვებას“, - განაცხადა  „დემოკრატიული მოძრაობა ერთიანი საქართველოს“ წევრმა ბესიკ ტაბატაძემ.

თორნიკე არევაძის ადვოკატის ნონა ფილაურის განცხადებით,   ქალაქ რუსთავში, 8 მარტს მომხდარი ინციდენტის გამო, თორნიკე არევაძე 8 მაისს დააკავეს.

„რაც ყველაზე მთავარია, ამ ინციდენთთან თორნიკე არაფერ შუაშია, იგი უბრალოდ შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა ისევე როგორც ბევრი სხვა მოქალაქე (ინციდენტი მოხდა საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილზე).  რუსთავის საქალაქო სასამართლომ თორნიკე არევაძეს  ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.  პროკურორი მირზა სუბელიანი არევაძის 3-დან 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითხოვს, სასამართლო პროცესი ხვალ 21 ივნისს 15 საათზეა დანიშნული“, - განაცხადა ფილაურმა.

მისივე თქმით, დღეისათვის, არევაძესთან ერთად ასევე დაკავებულია ვახტანგ დანელია, კუდის ყოფილი თანამშრომელი, რომელსაც უშუალოდ მიუძღვის ბრალი მომხდარ ინციდენტში.