კოკა გუნცაძე: ივლისის ბოლოს ქვეყანაში წინასაარჩევნო გარემოს თვალსაზრისით არსებული ზუსტი სურათი გვექნება

კოკა გუნცაძე: ივლისის ბოლოს ქვეყანაში წინასაარჩევნო გარემოს თვალსაზრისით არსებული ზუსტი სურათი გვექნება

საზოგადოებრივი მოძრაობა "ამომრჩეველთა ლიგა" დღეიდან კარდაკარის ალტერნატიულ პროექტს იწყებს. მოძრაობის ერთ - ერთი ლიდერის, კოკა გუნცაძის განმარტებით, ისინი არ ენდობიან სიების დაზუსტების სახელმწიფო კომისიას და ხელისუფლებას, „რომელიც კარგად ჩანს, თუ რა ტიპის არჩევნების ჩატარებას აპირებს“.

 

გუნცაძის თქმით, ლიგამ ამ სისტემის გაუმჯობესებაზე პასუხიმგებლობა თავად აიღო და იწყებს ალტერნატიული კარდაკარის ჩატარებას. რომლის მოსამზადებელი პერიოდი დღეს დასრულდა, რეგისტრატორები საველე სამუშაოებს ხვალიდან დაიწყებენ.

 

 „შემდეგ ეს მონაცემები საინფორმაციო ბაზაში შევა. ამის პარალელურად ჩვენ მიმდინარე წესით, საზოგადოებას ვაცნობებთ რამდენი დაუდგენელი, რამდენი გარდაცვლილი და რამდენი უცხოეთში გამგზავრებული პირი გვყავს. ბოლოს ჩვენ გვექნება სრული მონაცემები რა ხდება ამ თვალსაზრისით ჩვენს ქვეყანაში“, - განაცხადა გუნცაძემ.

რაც შეეხება ლიგის დაფინასების საკითხს, გუნცაძის თქმით, ფინანსური წყაროები ღია და გამჭირვალეა. მისი განცხადებით, შენატანებს აკეთებენ მოქალაქეები რომელთაც არჩვენების პატიოსნად და სამართლიანად ჩატარება სურთ.

„ასეთი ადამიანები ძალიან ბევრია, განსაკუთრებით უცხოეთში. ისინი მზად არიან თავიანთი ფინანსები ძალიან კეთილ საქმეში ჩადონ. ეს კი სამოქალაქო სოლიდარობის ძალიან მკაფიო და ნათელი გამოხატულებაა“, - აღნიშნა ამომრჩეველთა ლიგის ერთ-ერთმა ლიდერმა.

აქვე გუნცაძემ განმარტა, რომ თავდაპირველად აქცია თბილისსა და ზუგდიდში დაიწყება, რომელიც მილიონ ასი ათასს ამომრჩეველსა და 11 ოლქს მოიცავს. ეს კი მისი თქმით, საერთო ერთიანი სიის 40 %-ია და აღნიშნა, რომ თუ საჭიროება მოითხოვს სხვა რეგიონებშიც გააგრძელებნ მუშაობას.

„საველე სამუშაოების ჩატარებას დაახლოებით 2 კვირა დაჭირდება. პლიუს ამას კიდევ 2 კვირა ელექტრონული ვერსიის ფორმირებას და საინფორმაციო ბაზის მოწესრიგებას მოვუნდებით.  სადღაც ივლისის ბოლოსკენ უკვე სრული სურათი გვექნება ქვეყანაში ამ თვალსაზრისით, თუ რა ვითარება გვაქვს ქვეყანაში“, - დასძინა გუნცაძემ.