ეკა ბესელია: ნაძალადევის რაიონს კარგად ვიცნობ, თუმცა  არ მინდა მოვლენებს წინ გავუსწრო

ეკა ბესელია: ნაძალადევის რაიონს კარგად ვიცნობ, თუმცა არ მინდა მოვლენებს წინ გავუსწრო

პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ წევრი და ადვოკატი ეკა ბესელია „ქართული ოცნებიდან“ ნაძალადევის რაიონში მაჟორიტარობასთან დაკავშირებით, კომენტარისგან თავს იკავებს, სანამ კოალიციის ლიდერი, ბიძინა ივანიშვილი საბოლოოო გადაწყვეტილებებს არ გამოაცხადებს.

„არ მინდა მოვლენებს წინ გავუსწრო. ვიდრე ოფიციალურად მაჟორიტარი კანდიდატები კოალიციის ლიდერის, ბიძინა ივანიშვილის მხრიდან არ დასახელდება, იქამდე არ მინდა  ამ თემაზე ვისაუბრო. ისე  შიდა კვლევების ეს შედეგი ჩემთვისაც ცნობილია“, - განაცხადა ბესელიამ.

რაც შეეხება ნაძალადევის რაიონში საკუთარ ძალებს, ბესელია დადებითად აფასებს და აღნიშნავს, რომ ამ რაიონს იცნობს და  2008 წელს თბილისში ამ ოლქიდან არჩევნები მოიგო.

„მაშინ სამადაშვილმა, რომელიც პარლამენტში უკანონოდაა შესული  ოქმები გააყალბა.  იმ არჩევნებში მე  საპარლამენტო მანდატი მქონდა, მაგრამ ცნობილი მოვლენებიდან, როდესაც 12 -მა  დეპუტატმა პროტესტის ნიშნით უარი ვთქვით პარლამენტში შესვლაზე ერთ-ერთი დეპუტატი მეც ვიყავი.  ნაძალადევის ამომრჩეველმა, ოცი ათასზე მეტმა ადამიანმა მომცა ხმა.  ძალიან ვაფასებ იმ ადამიანებს, რომ  დიდი ტერორისა და წინააღმდეგობების მიუხედავად, თავიანთი პოზიციის გამოხატვა შეძლეს. დაველოდოთ ოფიციალურად როდის დასახელდება კოალიციის ლიდერის მხრიდან მაჟორიტარების კანდიდატები თბილისის ოლქებში და კონკრეტულ კომენტარს ამ საკითხზე მერე გავაკეთებ“, - განაცხადა ბესელიამ.

შეგახსენებთ, „ქართული ოცნების“ წევრის დავით ბერძენიშვილის განცხადებით, თბილისში მაჟორიტარების სავარაუდო კანდიდატების ვინაობა „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილებითა და სოციალური კვლევების შედეგად დადგინდა.

ბერძენიშვილი ამბობს, რომ ამისთვის კოალიციამ ორი სოციოლოგიური კვლევა ჩაატარა და ირწმუნება, რომ კვლევებმა იდენტური შედეგები აჩვენა.

თბილისის მასშტაბით „ქართული ოცნების“ შიდა კვლევით გამოვლენილი კანდიდატების ვინაობა ასე გადანაწილდა: სოზარ სუბარი - სამგორი, ლევან ბერძენიშვილი - ვაკე, ეკა ბესელია -ნაძალადევი, ვახტანგ ხმალაძე- მთაწმინდა, დავით ბერძენიშვილი - დიდუბე, ვიქტორ დოლიძე - ჩუღურეთი, გია ცაგარეიშვილი და შოთა ხაბარელი -კრწანისი, ხოლო თინა ხიდაშელი -საბურთალოზე, ისანში და გლდანში ლიდერობს და რათა ის კენჭს სამივეგან ვერ იყრის მონაცემები გადაიხედება.