ნუგზარ წიკლაური: აშშ ზუსტად ხედავს და კარგად აცნობიერებს  საფრთხეებს, რომელიც საქართველოს წინაშე დგას

ნუგზარ წიკლაური: აშშ ზუსტად ხედავს და კარგად აცნობიერებს საფრთხეებს, რომელიც საქართველოს წინაშე დგას

უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი, ნუგზარ წიკლაური აშშ-ის მიერ, საქართველოს თავდაცვის სფეროში დახმარების შესახებ, გამოქვეყნებული ინფორმაციის შეფასებისას აცხადებს, რომ  ჩვენი ქვეყნის  უსაფრთხოებისა და  თავდაცვისუნარიანობის ამაღლება საქართველოსა და ამერიკის სტრატეგიული თანამშრომლობის ქარტიაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა.

წიკლაურის განცხადებით, საქართველოში მყოფმა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა არაერთხელ  ცალსახად განაცხადა, რომ  აშშ საქართველოს დახმარებას სწორედ, თავდაცვით სფეროში გაუწევდა.

წიკლაურს მიაჩნია, რომ  საქართველოსთვის ძალზე მნიშვნელოვანია ფაქტი, რომ აშშ ზუსტად ხედავს და კარგად აცნობიერებს საფრთხეებს, რომელიც საქართველოს წინაშე დგას.

„ეს საფრთხეები საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე განთავსებული რუსი ჯარებისგან და  რუსეთის ფედერაციიდან მომდინარეობს.  ეს თანამშრომლობა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რათა ჩვენმა ქვეყანამ განვითარება სხვადასხვა მიმართულებით შეძლოს. ამ ტიპის მხარდაჭერა რა თქმა უნდა, ანელებს ძალიან ბევრი არაკეთილმოსურნის, აგრესიული მეზობლის სურვილს, რაიმე საშუალებებით, იქნება ეს ტერორისტული აქტი, პირდაპირი თავდასხმები თუ სხვა ტიპის პროვოკაციები, რომ  საქართველოს თავდაცვისუნარიანობა შეასუსტოს“, - განაცხადა წიკლაურმა.

წიკლაური მიიჩნევს, რომ საქართველოს თავდაცვით და სამხედრო სფეროების რეფორმირება, თან უშუალოდ ამერიკის მეშვეობით რუსეთს აღიზიანებს, თუმცა აღნიშნავს, რომ რუსეთის გაღიზიანების თემა უკვე წყალგასული თემაა.

„რუსეთს აღიზიანებს ყველაზე მთავარი, საქართველოს სუვერენინეტი და საქართველოს სურვილი დამოუკიდებლად განსაზღვროს თავისი საშინაო და საგარეო პრიორიტეტები. მათ თუ ავყვებით მაშინ,  საქართველომ უარი უნდა თქვას თავის დამოუკიდებლობაზე, სუვერენიტეტზე და  ევრაზიულ კავშირში შევიდეს. ალბათ,  ამ შემთხვევაში,  რუსეთს არაფერი აღარ გააღიზიანებს, მაგრამ საქართველო თავის უფლებების დათმობას არ აპირებს და ჩვენი ქვეყნის მომავლის მიმართ პასუხიმგებელი პოლიტიკური ელიტის უდიდესი ნაწილი ასეა განწყობილი“, - განაცხადა წიკლაურმა.

მისი თქმით, საქართველოს თანამშრომლობა აშშ-სთან და ნატოსთან გაგრძელდება. წიკლაური დარწმუნებულია, რომ თანამშრომლობის საბოლოო შედეგი, საქართველოს ევროატლანტიკურ სივრცეში გაწევრიანება  იქნება.

„რაც ერთხელ და სამუდამოდ გადაჭრის  უსაფრთხოების პრობლემას, რომელიც ჩვენს მშვიდობიან განვითარებას  ხელს უშლის“, - განაცხადა წიკლაურმა.

ცნობისთვის, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი თავდაცვის სფეროში საქართველოს დახმარების შესახებ, შეთანხმების დეტალებს აკონკრეტებს და  აღნიშნულთან დაკავშირებით,  ოფიციალურ ინფორმაციას აქვეყნებს, რომლის თანახმადაც, აშშ დახმარებას გაუწევს საქართველოს, რათა მან განავითაროს საჰაერო სათვალთვალო და საჰაერო თავდაცვისა და სანაპირო სათვალთვალო შესაძლებლობები, თავდაცვითი საბრძოლო საინჟინრო შესაძლებლობები, აგრეთვე გააუმჯობესოს სერჟანტების მეწინავე და საწვრთნელი უნარ-ჩვევები, ბრიგადის შტაბის მართვისა და კონტროლის შესაძლებლობები და მოემზადოს სატრანსპორტო შვეულმფრენთა ფლოტის გასაახლებლად.