„თავისუფალი საქართველო“: ევროპული დონის საავადმყოფოები და მოქალაქისათვის ხელმისაწვდომობა   მტკნარი სიცრუეა

„თავისუფალი საქართველო“: ევროპული დონის საავადმყოფოები და მოქალაქისათვის ხელმისაწვდომობა მტკნარი სიცრუეა

„თავისუფალი საქართველო“ კახეთის საავადმყოფოში გაუსაძლის მდგომარეობაზე საუბრობს.

პარტიაში აცხადებენ, რომ „თავისუფალი საქართველო“-ს კახეთის ორგანიზაციის წარმომადგენლებმა რეგიონში არსებული რაიონული საავადმყოფოები მოინახულეს და უამრავ პაციენტს გაესაუბრნენ.

პარტიის წარმომადგენლების განცხადებით, მათი აბსოლუტური უმრავლესობა  სტაციონალურ დაწესებულებებში არსებული მდგომარეობის გამო უკმაყოფილებას გამოხატავს.

„ძირითადად გვხვდება ერთი და იგივე პრობლემები: ესენია საავადმყოფოების არასათანადოდ აღჭურვა, მოძველებული გაუმართავი სამედიცინო აპარატურა და შეუსაბამოდ მაღალი ტარიფები. რეგიონიში არ არსებობს არცერთი აბსოლუტურად გამართული სტაციონარი. მაგალითისთვის თუ კი ქ.ახმეტაში არსებობს ახლად გახსნილი ლამაზი იერსახის საავადმყოფო, იქ არ არსებობს ისეთი დანადგარები, რომელიც  აუცილებელია სხვადასხვა სახის მოტეხილობის მკურნალობის დროს, ანუ არ არსებობს ელემენტარულად აუცილებელი რენტგენული დანადგარი.  ეს ის საავადმყოფოა, პრეზიდენტმა სულ ცოტა ხნის წინ ზარზეიმით რომ გახსნა. მეორე მაგალითი კიდევ უფრო მძიმეა - ქ.დედოფლისწყაროში საავადმყოფო ჯერ კიდევ მეოცე საუკუნეშია აშენებული და ეს საავადმყოფო „ბრეჟნევის მმართველობის“დროს ითვლებოდა სამაგალითო დაწესებულებად, მაგრამ დღეისთვის მდგომარეობა მეტად სავალალოა. შენობაზე მცენარეებია ამოსული, არის ისეთი პალატები, სადაც მინებია ჩამსხვრეული, ზოგადი ანტისანიტარიაა და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია საავადმყოფოში სველი წერტილები არ ფუნქციონირებს. დედოფლისწყაროში სხვა სამწუხარო რეალობასთან ერთად, კიდევ უფრო საგანგაშო მდგომარეობას სასწრაფო სამედიცინო დახმარება ქმნის,მაგალითად სოფელ საბათლოში სასწარაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადას ავადმყოფის სტაციონარში გადასაყვანად მინიმუმ ოთხი საათი სჭირდება“, - აცხადებენ პარტიაში.

პარტია „თავისუფალი საქართველო“-ს კახეთის ორგანიზაცია  ჯანდაცვის სამინისტროს და არსებულ ხელისუფლებას მიმართავს, შეზღუდონ რესურსები პარტიული პიარკამპანიისთვის და თანხები მიმართონ ადამიანებისათვის ელემენტარული ჯანდაცვის საკითხების მოგვარებისკენ.

„როდესაც ხელისუფლების და მისი მეთაურის მიმართ ქვეყნის მოსახლეობა გამოხატავს უკმაყოფილებას სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობის გაუარესების გამო, მთავრობას არგუმენტად მოაქვს ის,რომ თითქოსდა მსოფლიო ეკონომიკური კრიზისის   მიუხედავად საქართველოში ჯანდაცვითი მომსახურეობა გაუმჯობესდა, რომ თითქოს ჯანდაცვა ყველა მოქალაქისთვის ხელმისაწვდომია და ეს ხელმისაწვდომობა შესაძლებელია თანამედროვე, ევროპული დონის საავადმყოფოებში, რაც არის მტკნარი სიცრუე. ერთია ის, რასაც ნაციონალური არხებით ხელისუფლება გვეუბნება და მეორეა ის რეალობა რაშიც  მოსახლეობის უდიდეს უმრავლესობას უწევს ცხოვრება“, - აღნიშნავენ პარტიაში.