ვახტანგ ყოლბაია: არჩვნებში მონაწილეობის  საკითხს მოსახლეობასთან შეხვედრების დასრულების შემდეგ გადავწყვეტთ

ვახტანგ ყოლბაია: არჩვნებში მონაწილეობის საკითხს მოსახლეობასთან შეხვედრების დასრულების შემდეგ გადავწყვეტთ

„დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს“ წარმომადგენლის, ვახტანგ ყოლბაიას განცხადებით, პარტიას ჯერ არ გადაუწყვეტია მიიღებს თუ არა საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას, თუმცა აღნიშნა, რომ მოძრაობა კვლავ აქტიურად არის ჩართული სხვადასხვა პოლიტიკურ პროცესებში, რაც ძირითადად საზოგადოებასთან შეხვედრებში გამოიხატება.

მისი თქმით, ამ შეხვედრების მთავარი მიზანი არჩევნებში მონაწილეობის მიღების საკითხის გარკვევაა. თუმცა ამისათვის მოძრაობა სხვადასსხვა პოლიტიკურ პარტიებთან კონსულტაციებსაც მართავს.

„საზოგადოებასთან შეხვედრებით, ჩვენ ჯერ ქვეყანაში წინასაარჩევნო მდგომარეობას ვაფასებთ.  თუმცა ეს გადაწყვეტილების მიღების ერთ- ერთი კომპონენტია. გადაწყვეტილების მიღებაში ასევე ის კონსულტაციებიც დაგვეხმარება, რომელსაც რამოდენიმე პარტიასთან ვაწარმოებთ. მათ შორის „თავისუფალ საქართველოსთან“, „ქართულ დასთან“, „თეთრებთან“ და  ამით ჩვენი საბოლოო გადაწყვეტილება ჩამოყალიბდება, რომელსაც უახლოეს პერიოდში გაგაცნობთ“, - განაცხადა ყოლბაიამ და დასძინა, რომ პარტიას უკვე ყავს კანდიდატები, რომლებსაც არჩევნებში მონაწილეობის შემთხვევაში მაჟორიტარულ ოლქებში წარადგენენ.

ყოლბაიამ ისაუბრა შეხვედრების იმ სხვა მიზნებზეც, რომელსაც პარტია ამ ეტაპზე აწარმოებს. მისი თქმით,  სხვადასხვა რეგიონში შეხვედრები მუდმივად  პარტიის რეგიონალურ ლიდერებთან და აქტივისტებთან იმართება. როგორც ყოლბაია აცხადებს, 5 თვის განმავლობაში პარტიამ თბილისში 50 ათასზე მეტ ოჯახს ესტუმრა, ბათუმში კი - 10 ათასზე მეტ ოჯახს, რომელთანაც „გულახდილი“ საუბრები ჰქონდათ.

„ჩვენი დაკვირვების საფუძველზე მიმდინარე პროცესები ცხადყოფს, რომ მდგომარეობა ისევ მძიმეა. თუმცა აქვე მინდა გითხრათ, რომ ხალხი უფრო გახსნილი გახდა და უფრო ღიად და გაბედულად საუბრობს მათ პრობლემებზე. ეს შეხვედრები გრძელდება ეხლაც და არ გაჩერდება მანამ, სანამ ჩვენ მთლიანად არ  ამოვწურავთ იმ კითხვებს რომლებიც საზოგადოებას დაუგროვდა“, - განაცხადა ყოლბაიამ.