კოალიცია „ქართული ოცნების“ ბათუმის ოფისში დღეს საგანგებო ბრიფინგი გაიმართება, სადაც კოალიციის წარმომადგენლები გუშინ მაღალმთიან რაიონში მოსახლეობასთან ბიძინა ივანიშვილის შეხვედრას შეაჯამებენ. ამის შესახებ ბათუმის ოფისის ხელმძღვანელმა, ავთო ბერიძემ From.ge-სთან საუბარში განაცხადა.
მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილმა გუშინ 1 დღის განმავლობაში მოსახლეობასთან 7 სხვადასხვა შეხვედრა გამართა. მათ შორის, 4 ხულოს რაიონში, 2 ქედის რაიონში 1 კი - შუახევში.
ბერიძის განცხადებით, ამ შეხვედრებზე ივანიშვილს მოსახლეობა თავიანთ პრობლემებს აცნობდა, ივანიშვილი კი მათ შეკითხვებს პასუხობდა.
„ბატონი ბიძინა განუმარტავდა კოალიციის მიზნებსა და ამოცანებს, აცნობდა „ქართული ოცნების“ მიერ დასახულ გზას, თუ როგორ უნდა გაიმარჯვოს არჩევნებში, რომელიც გარდაუვალია და ამის შემდეგ თუ როგორ უნდა მოეწყოს სახელმწიფო“, - განაცხადა ბერიძემ.
მისი ინფორმაციით, როგორც მოსახლეობა, ასევე ივანიშვილი ძალიან კმაყოფილი დარჩა შეხვედრებით, რომელსაც ასობით ადამიანი ესწრებოდა და ტაშს უკრავდა ივანიშვილს.
„ბრიფინგზე თითოეულ შეხვედრას ცალკ-ცალკე განვიხილავ. დავინახე, რომ მასმედია ძალიან ცოტა იყო წარმოდგენილი, ამიტომ თავი ვალდებულად ჩავთვალე მათთვის დეტალუად გამეცნო გუშინ იქ მიმდინარე პროცესები. სხვადსხვა ჭორს არ ჰქონდეს ადგილი. მე მათ პატივს ვცემ და მინდა ზუსტი ინფორმაცია მივაწოდო“, - აღნიშნავს ბერიძე.
რაც შეეხება გუშინ შეხვედრაზე მომხდარ რამდენიმე ინციდენტს, ბერიძე მას პროვოკაციის უშედეგო მცდელობად აფასებს, რომელიც „უსუსურობის“ გამო ვერ განხორციელდა.
„2-3 ადამიანი, რომლებიც „მიშა მიშას“ იძახდნენ და მათ ყურადღებას არავინ აქცევდა, ვერანაირ გავლენას ვერ მოახდენენ ჩვენზე“,- აცხადებს ბერიძე.