პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ წევრმა და „რესპუბლიკური პარტიის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, დავით ბერძენიშვილმა for.ge (presage.tv) -ის პრესკლუბში სტუმრობისას, თბილისის მასშტაბით მაჟორიტარი კანდიდატების სავარაუდო ვინაობა დაასახელა.
ბერძენიშვილის განცხადებით, სავარაუდო კანდიდატების ვინაობა „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილებითა და სოციალური კვლევების შედეგად დადგინდა.
ბერძენიშვილი ამბობს, რომ ამისთვის კოალიციამ ორი სოციოლოგიური კვლევა ჩაატარა და ირწმუნება, რომ კვლევებმა იდენტური შედეგები აჩვენა.
თბილისის მასშტაბით „ქართული ოცნების“ შიდა კვლევევით გამოვლენილი კანდიდატების ვინაობა ასე გადანაწილდა: სოზარ სუბარი -სამგორი, ლევან ბერძენიშვილი -ვაკე, ეკა ბესელია -ნაძალადევი, ვახტანგ ხმალაძე- მთაწმინდა, დავით ბერძენიშვილი- დიდუბე, ვიქტორ დოლიძე - ჩუღურეთი, გია ცაგარეიშვილი და შოთა ხაბარელი -კრწანისი, ხოლო თინა ხიდაშელი -საბურთალოზე, ისანში და გლდანში ლიდერობს და რათა ის კენჭს სამივეგან ვერ იყრის მონაცემები გადაიხედება.
„პირველი კვლევა ჩატარდა აპრილში და კვლევა იაგო კაჭკაჭიშვილმა ჩაატარა. თბილისის მასშტაბით გამოიკითხა 3800 კაცი. სამი კვირის შემდეგ მაისში იგივე კითხვარით, იგივე კანდიდატებით მეორე კვლევა ჩატარდა, რომელიც ჩაატარა სხვა სოციალურმა სამსახურმა ზურაბ ბიგვავას ხელმძღვანელობით. მეორე კვლევამ სრულად დაადასტურა პირველი კვლევის შედეგები. ორი კვლევის შედეგად იდენტური შედგები მივიღეთ“, - განაცხადა ბერძენიშვილმა.
აქვე ბერძენიშვილი აცხადებს, რომ როგორც თვითონ ისე სხვა კანდიდატების ვინაობა გამოვლინდა, თუმცა მაჟორიტარების თაობაზე საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული არაა.
„ვვარაუდობ, რომ ამ თვის განმავლობაში, დიდი უმრავლესობა ჩვენი მაჟორიტარებისა საზოგადოებისთვის ცნობილი იქნება“, - განაცხადა ბერძენიშვილმა.
ბერძენიშვილის განცხადებითვე, „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილია. მოადგილეები: ირაკლი ალასანია და დავით უსუფაშვილი, ხოლო წევრები: კახა შარტავა, ზვიად ძიძიგური, გოგი თოფაძე, დავით ბერძენიშვილი, ალექსი პეტრიაშვილი, ნოდარ ხადური, მანანა კობახიძე არიან.