ირანული მედიის ინფორმაციით, რუსული და ქართული მხარეები ირანის ოქროს საბადოში, ვარზაკანის ტერიტორიაზე, 20 მილიონ ევროს ჩადებენ. ახლო მომავალში ამ ტერიტორიაზე აშენდება ქარხანა, რომელიც ოქროს შემცველი კონცენტრატების წარმოებაზე იქნება ორიენტირებული. ვარზკანის ადმინისტრაციის უფროსის განცხადებით, ქარხნის მშენებლობა 2015 წლის გაზაფხულზე უნდა დასრულდეს.
Commersant.ge-ს ინფორმაციით, საქართველოში ამ დროსათვის ოქროს მოპოვებას ,“ჯეო პრომაინინგი“ ახორციელებს, რომელიც „მადნეულის“ და „კვარციტის“ მფლობელია.2005 წელს სააქციო საზოგადოება „მადნეული“-ს პრივატიზების შედეგად საწარმოს მფლობელი გახდა კომპანია Stanton Equitieze Corporation–ი – რუსული კომპანია “პრომიშლენიე ინვესტორის” შვილობილი კომპანია. 2007 წლის 7 დეკემბერს “პრომიშლენიე ინვესტორის” პრეზიდენტმა და ძირითადმა მფლობელმა, სერგეი გენერალოვმა განაცხადა გარიგების თაობაზე, რომლის თანახმად, მის საკუთრებაში არსებული სამთომეტალურგიული საწარმოების აქციები (მათ შორის სს „მადნეული“-ს და „კვარციტი“-ს) გადაეცა “პრომიშლენიე ინვესტორის” მეორე მფლობელს, სიმან პოვარიონკინს, რომელიც ამავდროულად არის ჯგუფის დირექტორთა საბჭოს თამჯდომარე. გარიგების შედეგად, „მადნეული“-ს და „კვარციტი“-ს მფლობელი გახდა კომპანია GeoProMining. კომპანია ოქროს მეორადი კვარციტული მადნებიდან მოიპოვებს. წლის განმავლობაში კომპანია 100 ათას უნციამდე ოქროს გადასამუშავებლად კანადურ ორგანიზაციაში - "ჯონსონს მათიუ”-ში აგზავნის. რამდენიმე თვის წინ კი ენერგეტიკის სამინისტრომ ბოლნისის ოქროს საბადოების ლიცენზია აუქციონზე გაიტანა.