წყნეთში მცხოვრებ დევნილების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდათ. როგორც დევნილები აცხადებენ, 1 იანვრიდან მათ ელექტროენერგიის შეღავათები გაუუქმეს, რის პარალელურადაც ინდივიდუალური გამრიცხველიანება უნდა მომხდარიყო. თუმცა, გამრიცხველიანების პროცესი ჯერ არ დაწყებულა. იანვრიდან დაგროვილი დავალიანების გამო უკვე მეორე დღეა ელექტროენერგია არ მიეწოდებათ.
დევნილების თქმით, თელასში მათ განუცხადეს, რომ სრული დავალიანების ერთი მესამედის გადახდის შემთხვევაში ელექტროენერგიის მიწოდება დროებით აღუდგებათ
წყნეთის , „გ“ ზონაში მცხოვრები დევნილები აცხადებენ, რომ დროულად გამრიცხველიანების შემთხვევაში, გაუგებრობას ადგილი არ ექნებოდა. მათ უკანონოდ მიაჩნიათ ასევე ინდივიდუალურ გამრიცხველიანებამდე დასუფთავების გადასახადის დაკისრებაც, რაც საერთო ჯამში თითოეულ ოჯახზე 400 ლარს აღემატება.
,,საცხოვრებელი ფართების დაკანონების შემდეგ, ყველა გადასახადს კანონების და სამართლის დარღვევით გვაკისრებენ. მრიცხველების გარეშე დაკისრებული ელექტროენერგიისა და ნაგვის გადაბმული გადასახადისა, დაგვაკისრეს წყლის გადასახადიც, თუმცა, წყალი გრაფიკით - ყოველ მეორე დღეს, 3-4 საათით მოგვეწოდება. ვინ არის ამაში დამნაშავე არ ვიცით, კერძო კომპანიები თუ მთავრობა. წარმოდგენა არა გვაქვს, როგორ უნდა დავფაროთ ასეთი დიდი თანხები, - აცხადებენ დევნილები.