ეკა ბესელია: ალექსანდრე რონჟესის  დაკავება  კანონმდებლობის უხეში დარღვევით მოხდა

ეკა ბესელია: ალექსანდრე რონჟესის დაკავება კანონმდებლობის უხეში დარღვევით მოხდა

პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ წევრის და ადვოკატის ეკა ბესელიას განცხადებით,  თბილისის აეროპორტში „გლობალ ტვ“-ის ამერიკელი მეწილის, ალექსანდრე რონჟესის  დაკავება  კანონმდებლობის უხეში დარღვევით მოხდა.

ბესელიას განცხადებით, საქართველოს კანონმდებლობა აუცილებლად მიიჩნევს, პირს განუმარტო  დაკავების მიზეზი, მისი სტატუსი, რასთან დაკავშირებით და რის საფუძველზე ხდება დაკავება.

ბესელიას განცხადებითვე, მითუმეტეს, თუ მას მოწმის სტატუსით კითხავენ, მისი დაკავება უფრო გაუგებარია, რადგან  მისი თქმით, მოწმის დაკავება არ შეიძლება, თუ ის შემთხვევა არაა, როდესაც მოწმე გამოცხადებას თავს არიდებს და მის იძულებით წარმოდგენაზე დადგენილებაა გამოტანილი.

„ეს პროცედურა, რომელიც დღეს ჩაატარეს სამართალდამცავებმა წინასწარი შეფასებით,  შემიძლია გითხრათ, რომ კანონის დარღვევაა.  მათ შორის, საერთაშორისო კანონმდებლობის უხეში დარვევა.  მით უფრო, რომ  საქმე  სხვა ქვეყნის მოქალაქეს ეხება“, - განაცხადა ბესელიამ.

ბესელიას განცხადებით, „გლობალ ტვ“-ის უცხოელ მეწილესთან ერთად, დაკავების დროს, კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერის ბიძინა ივანიშვილის ძმა, ალეკო ივანიშვილი იმყოფებოდა.

„დაკავების დროს,  პოლიციელებმა ძალის გამოყენებით გადაიყვანეს ამერიკელი პარტნიორი სხვა მიმართულებით. დაკავებულთან  ადვოკატებს ძალიან დიდი ხნის განმავლობაში არ უშვებდნენ. ახლა დაკითხვა მიმდინარეობს. გვექნება ინფორმაცია კონკრეტულად, რა ხდებოდა იმ პერიოდში, როდესაც დაკავებულ ამერიკელთან ადვოკატებს არ უშვებდნენ“, - განაცხადა ბესელიამ.

შეგახსენებთ, რამდენიმე საათის წინ „გლობალ ტვ“-ის ამერიკელი პარტნიორი ალექსანდრ რონჟესი თბილისის აეროპორტში გამგზავრებისას დააკავეს.