პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ პრესსპიკერმა მაია ფანჯიკიძემ ექსპერტ გია ხუხაშვილის საცხოვრებელ სახლში აღმოჩენილ მოსასმენ აპარატურასთან დაკავშირებით, საგანგებო ბრიფინგი გამართა. ფანჯიკიძის განცხადებით, კოალიცია „ქართული ოცნება“ გია ხუხაშვილის საცხოვრებელ სახლში მოსასმენი აპარატურის აღმოჩენის ფაქტზე სამართალდამცავთა მხრიდან შესაბამის რეაგირებას და მის დაუყონებლივ გამოძიებას მოითხოვს.
ფანჯიკიძის განცხადებით, „ქართული ოცნება“ ამ ფაქტის ამსახველ ვიდეომასალას საქართველოში აკრედიტებულ საელჩოებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებსაც მიაწვდის.
„მიუხედავად იმისა, რომ გუშინ დიდი რაოდენობით სამართალდამცველები გამოძახებიდან გარკვეული დროის შემდეგ მივიდნენ და საქმის ვითარება შეისწავლეს. მიუხედავად იმის, რომ არსებობს ვიდეო და აუდიო მასალა იმის შესახებ, თუ რა იქნა აღმოჩენილი ბატონი გიას ბინაში, ჩვენ გვინდა მივმართოთ სამართალდამცავ ორგანოებს- უმოკლეს ვადებში გამოიძიონ ეს საქმე, მოახდინონ სათანადო რეაგირება და რაც მთავარია, საზოგადოებას მიაწოდონ ინფორმაცია, თუ რა მოხდა რეალურად და როგორია მათი გამოძიების შედეგები. ასევე ჩვენ ამ ფაქტის ამსახევლ ვიდეო და აუდიო მასალას, საქართველოში აკრედიტირებულ საელჩოებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებს გადავცემთ და ამ ფაქტზე რეაგირებას ვთხოვთ“, - განაცხადა ფანჯიკიძემ.