მიხეილ სააკაშვილი:  არ დავინახო საავადმყოფო, სადაც ექთანი 75-100 და 150 ლარს იღებს, მაშინ ასეთი საავადმყოფო უნდა დავხუროთ

მიხეილ სააკაშვილი: არ დავინახო საავადმყოფო, სადაც ექთანი 75-100 და 150 ლარს იღებს, მაშინ ასეთი საავადმყოფო უნდა დავხუროთ

საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა ბათუმში, საერთაშორისო სამედიცინო კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ ქართული ოპოზიციის საყვარელი დაცინვის ერთ-ერთი თემა ასი საავადმყოფოს პროექტი იყო, თუმცა  ახლა ამ თემაზე ყველას „პირი მოკეტილი აქვს“.  პრეზიდენტის განცხადებით, ეს იმის შედეგია, რომ 100 საავადმყოფო  150 საავადმყოფოდ გადაიქცა და ეს საავადმყოფოები უკვე აშენებულია.

სააკაშვილმა ჯანდაცვის სისტემაში არსებულ პრობლემებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მთავარ პრობლემად კვლავ მომსახურე პერსონალისა და ხელმისაწვდომობის საკითხი რჩება.

პრეზიდენტი აღნიშნავს, რომ კვალიფიკაციის ამაღლებაზე  სისტემატიური მუშაობა მიმდინარეობს.

პრეზიდენტმა მკაცრად გააფრთხილა სადაზღვევო კომპანიები, სათანადოდ მოხდეს სამედიცინო პერსონალის შრომის ანაზღაურება.

„ღმერთმა არ ქნას, რომ სადმე სამედიცინო პერსონალი ხელფასის გარეშე იყოს დარჩენილი“, _ განაცხადა  სააკაშვილმა. მისივე თქმით,  „თუ ჩვენ ავაშენეთ საავადმყოფოები და იქ ისევ მივიღეთ ექიმები, რომელიც უყურებს პაციენტს ხელში, როდის ჩაუდებს ჯიბეში ფულს, ჩვენ შევალთ ისევ კატასტროფულ ჩიხში. ამიტომ, მივმართავ სადაზღვევოებს, რომ შექმნან ისეთი სისტება, სადაც მსგავსი რამ აბსოლუტურად გამორიცხული იქნება“, - განაცხადა სააკაშვილმა.

პრეზიდენტის თქმით, საავადმყოფოებში ხელფასებში დიდი განსხვავება და სოციალური უსამართლობა სერიოზული პრობლემაა.

„ექთნები და სხვა უმცროსი სამედიცინო პერსონალი იღებს 75-100 ლარს და იმავე საავადმყოფოში ქირურგი შეიძლება იღებდეს 5000 ლარს. ან საშუალო ექიმი იღებს 1700 ლარს. ან ეს ექიმი როგორ იღებს 1700 ლარს ან როგორ ემუშავება იმ ექთანს, რომელიც იღებს 75 ლარს. ეს არის იდიოტიზმის სფერო და ეს არის ერთხელ და სამუდამოდ დასამთავრებელი. დღეიდან დავიწყოთ მუშაობა, რომ მე არ დავინახო საავადმყოფო, სადაც ექთანი იღებს 75-100 და 150 ლარს. მაშინ ასეთი საავადმყოფო უნდა დავხუროთ. კატეგორიული გაფრთხილება სადაზღვევოებს, სამედიცინო პერსონალს და ჯანდაცვის სამინისტროს“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.