თეა წულუკიანი: კოალიციის სტრატეგია იქნება როგორც თავდაცვითი ასევე კონტრშეტევისკენ მიმართულიც

თეა წულუკიანი: კოალიციის სტრატეგია იქნება როგორც თავდაცვითი ასევე კონტრშეტევისკენ მიმართულიც

„თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერისა და კოალიცია „ქართული ოცნების“ წევრის, თეა წულუკიანის განცხადებით, ამ ეტაპზე კოალიცია  სტრატეგიაზე მუშაობს, რომელიც ხელისუფლების საპასუხოდ იქნება შემუშავებული. ამის შესახებ მან რადიო "პალიტრის" გადაცემა "აქ და ახლას" ეთერში ისაუბრა. 

მისი თქმით, სტრატეგიის ნაწილი უკვე შემუშავებულია, მალე კი პრაქტიკაში მისი რეალიზებაც დაიწყება.

„სტრატეგიის ნაწილი იქნება თავდაცვითი, რაც 21 წლის ფარატინა გოგონას ციხეში არჩასმის მიზნით იქნება გატარებული, ასევე კონტრშეტევაზე  გადასვლის ღონისძიებებიც იქნება დაგეგმილი იმისათვის, რომ სააკაშვილი თავისი აბსურდების მსხვერპლი თავადვე გახდეს და არა სხვა რომელიმე მოქალაქე“, - განაცხადა წულუკიანმა.

  რადიო "პალიტრის" ეთერში მან ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ საქალაქო სასამართლოს მიერ გამოტანილ გადაწყვეტილებაზეც ისაუბრა, რომელიც მისთვის 148 მილიონი ლარით დაჯარიმებას ითვალისწინებს. წულუკიანის განცხადებით, ეს გადაწყვეტილება პირადად ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ არის მიმართული და აღნიშნა, რომ ამიტომ თვითონ ივანიშვილი გადაწყვეტს გადაიხდის თუ არა ჯარიმას.

„ეს თანხები არ ეკუთვნის კოალიციას, ეს პირადად ბიძინა ივანიშვილს ეკუთვნის, რომელიც მან თავისი პატიოსანი და წლების მანძილზე გაწეული ტიტანური შრომის შედეგად დააგროვა. აქედან გამომდინარე, ეს ჯარიმები იქნება გადახდილი თუ არ იქნება, ან რა შეიძლება მოხდეს ამასთან დაკავშირებით, ეს ბატონი ბიძინას გადასაწყვეტია და არა კოალიციის სხვა პოლიტიკური სუბიექტების და პარტიების წარმომდგენლების“, - განაცხადა წულუკიანმა.