საერთაშორისო საკითხების ექსპერტი და პოლიტოლოგი, ზურაბ აბაშიძე რუსეთის ფედერალური მიგრაციული სამსახურის უფროსის კონსტანტინე რომოდანოვსკის განცხადებას საქართველოს ცხრა ათასზე მეტი მოქალაქის რუსეთიდან დეპორტაციაზე პოლიტიკურ მოტივაციად აფასებს.
აბაშიძის თქმით, ქართველების რუსეთის ტერიტორიიდან მოსალოდნელი დეპორტაცია ქართული მხარის მიერ სტრასბურგის სასამართლოში შეტანილ სარჩელთანაა დაკავშირებული და ეს რუსეთის მხრიდან საპასუხო, სადამსჯელო აქციაა.
„ეს დაკავშირებულია სტრასბურგში სასამართლო პროცესთან, ქართული მხარის მიერ, შეტანილ სარჩელთან. ახლა მოაგონდათ ქართველები. რა საკვირველია, მსგავსი რამ რუსეთის მხრიდან თავისებური სადამსჯელო აქციაა. არ გამოვრიცხავ, ამ ხალხს რუსეთის ტერიტორიიდან დეპორტაცია მართლა მოუწიოს. სამართლებრივი თვალსაზრისით ამის სარჩული კი, ის იქნება, რომ ისინი არალეგალურად იმყოფებიან იქ“, - განაცხადა აბაშიძემ.
ექსპერტი რუსეთის მიერ, ამ ქმედების განხორციელების შედეგად, ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების კიდევ უფრო დაძაბავს არ გამორიცხავს.
შეკითხვის პასუხად, როგორი უნდა იყოს საერთაშორისო საზოგადოების რეაქცია აღნიშნულზე, აბაშიძე აცხადებს, რომ საერთაშორისო საზოგადოების აზრი და რეაქცია საქართველოსთვის მას შემდეგ გახდება ცნობილი, თუ როგორ შეფასებას მისცემენ 2006 წელს რუსეთიდან ქართველების სრულიად უკანონო, მასობრივ დეპორტაციას.
„ეს მაშინ ყოველგვარი სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე მოხდა. სასწრაფოდ, ჩასვეს ეს ხალხი თვითმფრინავებში და გამოუშვეს. ამ შემთხვევაში, შეიძლება უფრო მინიმალური სამართლებრივი ნორმების დაცვით გააკეთონ სასამართლოს გადასცენ, სასამართლომ განაჩენი გამოიტანოს და მათი დეპორტაცია მოხდეს, რომ თითქოს ამას ლეგალური სარჩული მისცენ“, - განაცხადა აბაშიძემ.
მისივე თქმით, არაა გამორიცხული რუსეთის ტერიტორიაზე ქართველების რაღაც ნაწილი არაკანონიერად იმყოფებოდნენ, თუმცა აცხადებს, რომ რუსეთის ტერიტორიაზე მხოლოდ ქართველებს თუ გამოყრიან ბუნებრივია, ეს პოლიტიკურ აქციად იქნება აღქმული.
„იქ მხოლოდ ქართველები არ არიან უკანონოდ, უამრავი ხალხია ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკიდან, შუა აზიიდან და აქ 9 ათასზე კი არაა, საუბარი ასობით ათას ადამიანზეა. თუ მხოლოდ ქართველებზე არაა საუბარი და სხვებზეც გავრცელდება მაშინ, შეიძლება კიდევ სხვაგვარად დაინახო, მაგრამ როგორც ცნობილია, ეს განცხადება მხოლოდ ქართველებზე ვრცელდება“, - განაცხადა აბაშიძემ.
შეგახსენებთ, რუსეთის ფედერალური მიგრაციული სამსახურის უფროსის კონსტანტინე რომოდანოვსკის განცხადებით, საქართველოს ცხრა ათასზე მეტი მოქალაქე რუსეთის ტერიტორიაზე მიგრაციული კანონმდებლობის დარღვევით იმყოფება.
„ჩვენს ტერიტორიაზე საქართველოს 9 ათასზე მეტი მოქალაქე კანონდარღვევით იმყოფება. ჩვენ ამ ადამიანებს ვიპოვით და მათ მიმართ შესაბამის ზომებს განვახორციელებთ. ჩვენ ქვეყანაში სამართალი და წესრიგი უნდა დავიცვათ“, - განაცხადა მიგრაციული სამსახურის უფროსმა. აღნიშნულ განცხადებას, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროც გამოეხმაურა. საგარეი უწყების შეფასებით, რუსეთის ფედერაციაში ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევების მორიგი სერიოზული ტალღა დაიწყო.