იჩქერიის რესპუბლიკის, ასევევ დუდაევისა და მასხადოვის პირადი წარმომადგენელი, დუდაევის ხელისუფლების #3 დამადასტურებელი დოკუმენტის მფლობელი ხიზრი ალდამოვი, რომელიც საქართველოში 1994 წლიდან იმყოფებოდა, ჩეჩნეთში დაბრუნდა და ჩეჩენ ხალხს და პირადად რამზან კადიროვს პატიებს სთხოვა.
„ბოლო წლებში პერიოდულად ვიღებდი ინფორმაციას იმ პოზიტიური გარდაქმნების შესახებ, რაც ჩეჩნეთის რესპუბლიკაში ხდება. შენდება ახალი სკოლები, საავადმყოფოები, ლამაზი მეჩეთები და მედრესები, სპორტული მოედნები და სტადიონები, აქ არ ხდება ადამიანის უფლებების დარღვევა. მე ვეუბნებოდი იდიგოვს და ზაკაევს: რატომ ატყუებთ ადამიანებს, არ არსებობს არავითარი იჩქერია, თუმცა მათ ჩემთვის არ მოუსმენიათ“,-აღნიშნა ალდამოვმა პირადად რამზან კადიროვთან შეხვედრაზე.
ხიზრი ალდამოვის განცხადებით, მას არ შეეძლო ერთბაშად დაეტოვებინა საქართველო და ჩეჩნეთში დაბრუნებულიყო. მან ბევრჯერ მისცა ქართულ მასმედიას ინტერვიუ, სადაც ის კადიროვისა და ჩეჩნეთის შესახებ სიმართლეს არ ამბობდა. რაც შეეხება საქართველოში დაბრუნებას, ალდამოვი აცხადებს, რომ ის არ დაბრუნდება, სანამ საქართველოს ხელისუფლებაში სააკაშვილია.
„მე თქვენით აღფრთოვანებული ვარ, აღფრთოვანებული ვარ, როგორ ალაგებთ ქვეყანაში სიმშვიდეს. ყოველთვის ვოცნებობდი სამშობლოში დაბრუნებაზე, აქ სიკვდილზე და არ მრცხვენია იმის აღიარება, რომ ამდენი ხნის განმავლობაში ვცდებოდი. ვწუხვარ იმაზე, რომ ასე უაზროდ დავკარგე ეს წლები. გულწრფელად გთხოვთ პატიებას პირადად თქვენ და მთელ ჩეჩენ ხალხს. მე გთხოვდით დახმარებას, ჩემმა სიტყვებმა თქვენამდე მოაღწია და მადლობელი ვარ, რომ დამრთეთ სამშობლოში დაბრუნების ნება. მე მზად ვარ, იმ ჩეჩნებამდე, რომლებიც საქართველოსა და სხვა ქვეყნებში ცხოვრობენ, სიმართლე მივიტანო“,-აცხადებს ალდამოვი.
რამზან კადიროვის აზრით, კარგია, როდესაც ხიზრი ალდამოვმა დაშვებული შეცდომა აღიარა და სამშობლოში დაბრუნდა.
„თითოეულ ადამიანს თავისი ცხოვრების გზა აქვს. ზოგს შეუძლია ღირსეულად გადალახოს ყველა ის სიძნელე, რაც ცხოვრებაში ხვდება, ზოგიც ვერ უძლებს და ტყდება. მთავარია, მიხვდნენ, რომ შეცდომები დაუშვეს. მე მიხარია, რომ ხიზრი ალდამოვი ჩეჩნეთში დაბრუნდა, მას მთელ რესპუბლიკაში და მის გარეთაც იცნობენ და დარწმუნებული ვარ, რომ ის სარგებლობას მოუტანს ჩეჩენ ხალხს და მათ სამშობლოში დაბრუნებაში დაეხმარება“,-განაცხადა ჩეჩნეთის პრეზიდენტმა.