პარტია „თავისუფალი საქართველო“ საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ვიზიტს გურჯაანსა და დედოფლისწყაროში პიარ-კამპანიად აფასებს.
მათი ინფორმაციით, 12 ივნისს გურჯაანში და დედოფლისწყაროში პრეზიდენტის ვიზიტთან დაკავშირებით და კონკრეტულად კი, გურჯაანში იუსტიციის სახლის გახსნაზე სხვადასხვა საბიუჯეტო ორგანიზაციებს ჰქონდათ დავალება ათ - ათი ადამიანი მიეყვანათ.
„რა თქმა უნდა, თავისთავად, ახალი სამშენებლო ნაგებობა რაიონის იერ-სახეს გაალამაზებს, მაგრამ მთავარი საკითხი, რაც ამჟამად გურჯაანის მოსახლეობას აწუხებს, ეს არის სტიქიით მიყენებული ზარალი.სოციალურად ისედაც გაჭირვებული მოსახლეობის ზარალის ანაზღაურებაზე საერთოდ არ ზრუნავს, არც ადგილობრივი და არც ცენტრალური ხელისუფლება“, - აცხადებს „თავისუფალი საქართველოს“-ს გურჯაანის რაიონული ოფისის ხელმძღვანელი გიორგი ქოროღლიშვილი.
„თავისუფალი საქართველოს“ განცხდებითვე, გურჯაანიდან პრეზიდენტმა დედოფლისწყაროში გადმოინაცვლა და ფერმერთა მომსახურების ახალი ცენტრი დაათვალიერა. პარტიის ინფორმაციით, მოსახლეობისთის ეს მომსახურება ხელმიუწვდომელი იქნება, რადგან სოფელ ზემო ქედში 1 ჰექტარი მიწის დამუშავებას და იქიდან ტრაქტორის ჩამოყვანას სჭირდება 120 ლარი, ადგილობრივი ტრაქტორით კი 80 ლარი, ასე რომ პარტიაში მიიჩნევენ, რომ ეს მომსახურების ცენტრი „ბობოლა“ ფერმერებისთვის შეიქმნა, გლეხები კი იმ მცირედ მიწას, რაც დარჩათ, ვეღარ დაამუშავებენ.
„თავისუფალი საქართველოს“ ინფორმაციით, ფერემერთა სახლიდან პრეზიდენტმა სოფელ ქვემო ქედში გადაინაცვლა, სადაც წყალმომარაგების რეაბილიტირებული ქსელი გახსნა. „კომუნისტების დროიდან ჩვენს სოფელს წყლის პრობლემა აწუხებს, ახლა საუბნო ონკანები დააყენეს, სადაც სოფლის თავში მდებარე წყაროს წყალი იტუმბება. ეს წყალი ძალიან მარილიანია და სასმელად კი არა და საყოფაცხოვრებო დანიშნულებისთვისაც უვარგისია. ჩვენ გვაქვს კიდევ ორი წყაროს წყალი და სასმელად ძირითადად მას ვიყენებთ. სოფლის მთავარი პრობლემა ახლა საწვავის მაღალი ფასები და მიწებზე მაღალი გადასახადებია, რომელსაც გლეხები ვერ ვიხდით და მიწებზე ყადაღას გვიდებენ“, - აცხადებს ქვემო ქედის მოსახლეობა.
პარტია „თავისუფალი საქართველო“-ს დედოფლისწყაროს ორგანიზაციას მიაჩნია, რომ პრეზიდენტის ვიზიტი კახეთში ხალხისთვის თვალის ახვევა და პიარ-კამპანიაა. პრეზიდენტის ინიციატივა და რჩევა სოფლის მეურნეობის მინისტრის, ზაზა გოროზიას მიმართ, რომ ფერმერთა ცენტრებში სხვადასხვა სოფლებიდან მოაწყონ ექსკურსიები, აბსურდად და ხალხის დაცინვად მიაჩნიათ.