„თავისუფალი საქართველო“ დედოფლისწყაროს ორგანიზაცია პარტიის მხარდამჭერებზე ზეწოლას აპროტესტებს და განცხადებას ავრცელებს.
განცხადების თანახმად, „თავისუფალი საქართველოს“ ორგანიზაციას დაუკავშირდა სოფელ საბათლოს აქტივისტი, ლიანა ოვსეპიანი, რომლის განცხადებითაც მისი შვილი არტო ოვსეპიანი სასტიკად სცემეს.
„ლიანა ოვსეპიანი აღნიშნულ ფაქტს სოფელში თავის პოლიტიკურ აქტივობას უკავშირებს. იგი აღნიშნავს, რომ დაახლოებით, 10 დღის წინ პარტიის გაზეთების გავრცელებისა და პარტიის მხარდამჭერთა ხელმოწერების შეგროვების შემდეგ მათი დევნა დაიწყეს. მისი და, რომელიც სოფლის ბიბლიოთეკაში მუშაობს, რაიონში დაიბარეს და მითითება მისცეს. ხოლო სოფლის გამგებელმა მათ გაფრთხილება მისცა, ოპოზიციური საქმიანობისთვის თავი გაენებებინათ“, - განაცხადა „თავისუფალი საქართველოს“ დედოფლისწყაროს ორგანიზაციის თავმჯდომარემ თამილა გურაშვილმა.
პარტიაში მიაჩნიათ, რომ აღნიშნული ფაქტი ხელისუფლების მორიგი პროვოკაციული ზეწოლაა ოპოზიციური პარტიების მხარდამჭერებზე და მიმართავენ ხელისუფლებას, გამოიჩინონ კეთილგონიერება და პოლიტიკური ნიშნით ხალხის დევნა, ცემა და შევიწროება შეწყვიტონ.