შპს „მენეჯმენტ სერვისს“  4 600 000 ლარის ნაცვლად, 2 300 000 ლარის ჯარიმის გადახდა დაეკისრა

შპს „მენეჯმენტ სერვისს“ 4 600 000 ლარის ნაცვლად, 2 300 000 ლარის ჯარიმის გადახდა დაეკისრა

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით,   შ.პ.ს. „მენეჯმენტ სერვისს“ 4 600 000 ლარის ნაცვლად, 2 300 000 ლარის ჯარიმის გადახდა დაეკისრა.

კონტროლის პალატამ „მენეჯმენტ სერვისი“ კოალიცია „ქართული ოცნებისთვის“ მომსახურების შეღავათიან ფასებში გაწევასა და უკანონო შემოწირულობაში დაადანაშაულა და 28 მაისს თბილისის საქალაქო სასამართლომ „მენეჯმენტ სერვისი“ უკანონო შემოწირულობისთვის ათმაგი ოდენობით დააჯარიმა.  30 მაისს კი, მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ კანონში ცვლილება შევიდა, რომლის თანახმადაც ათმაგი ჯარიმა, ხუთმაგი ოდენობით შეიცვალა და თბილისის სააპელაციო სასამართლომ ჯარიმის ათმაგი ოდენობა მენეჯმენტ სერვისს ხუთმაგით შეუცვალა.

სასამართლოს გადაწყვეტილება შპს "მენეჯმენტ სერვისის" ხელმძღვანელობისა და მათი ადვოკატებისთვის მიუღებელია. მათი განცხადებით, ეს  საქმე მთლიანად პოლიტიკურად მოტივირებულია.

„ახალი დასკვნა წარმოვადგინეთ, რომლითაც დგინდებოდა უტყუარად, რომ „მენეჯმენტ სერვის“  ჰქონდა ჩატარებული არა 470 000  არამედ,  150 000 ლარის სარემონტო სამუშაოები, მაგრამ სასამართლოს არ უნდოდა ამ მტკიცებულების მიღება და არც გაიზიარა, თუმცა, კონტროლის პალატას არ ჰქონდა არცერთი დოკუმენტი წარმოდგენილი სასამართლოზე, რომლითაც ის თავის მოთხოვნას დაასაბუთებდა.  განახევრდა დაკისრებული თანხა ანუ ნაცვლად ხუთი მილიონი ლარისა „მენეჯმენტ სერვის“  2 მილიონ სამასი ათასი ლარის გადახდა დაეკისრა, თუმცა ჩვენ მივიჩნევთ, რომ ესეც უკანონოა. იმიტომ რომ, არ მომხდარა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტი“, - განაცხადა ბესელიამ.

მისი თქმით, უახლოეს დღეებში ამ საქმესთან დაკავშირებით ახალი სარჩელი მომზადდება, რომელიც განსახილველად სტრასბურგის სასამართლოში გადაიგზავნება.

შსპ „მენეჯმენტ სერვისის“  დირექტორი ბესო დემეტრაშვილი აცხადებს, მისი კომპანია საკმარისი კაპიტალისა და ქონების არქონის გამო, დაკისრებული ჯარიმის გადახდას ვერ შეძლებს და მას აუცილებლად გაკოტრება მოელის.

„ის რომ განახევრდა ჯარიმის რაოდენობა კანონიდან   გამომდინარე ბუნებრივია, ამაზე მადლობის თქმას არ ვაპირებთ. ეს თავიდან ბოლომდე უკანონო, პოლიტიკურად მოტივირებული გადაწყვეტილებაა, რომლის მიზანია ჯანსაღი პოლიტიკური პროცესებისთვის ხელის შეშლა და ჩემს შემთხვევაში,  ბიზნესი უხეშად დაზარალდა.  უახლოეს დღეებში ველოდებით სააღსრულებო წარმოების დაწყებას და რეალურად შედეგი იქნება ის, რომ კომპანია „მენეჯმენტ სერვისი“   უახლოეს კვირებში გაკოტრდება და  ფუნქციონირებას შეწყვეტს“, - განაცხადა დემეტრაშვილმა.