საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა და იუსტიციის მინისტრის მოადგილემ, გიორგი ვაშაძემ გურჯაანში იუსტიციის სახლი გახსნეს. პრეზიდენტმა იუსტიციის სამინისტროს, როგორც ბრენდის წარმატებაზე ისაუბრა.
სააკაშვილმა სტუდენტებს სტუდენტური ბარათები გადასცა და ბიზნესმენებს მოუწოდა სტუდენტურ ბარათებს დიდი სერიოზულობით შეხედონ.
პრეზიდენტის განცხადებითვე, გაერომ იუსტიციის სახლები მსოფლიო მასშტაბის ყველაზე ინოვაციურ პროექტებად დააახელა.
„ გაეროც არ გვჭირდება ამისთვის. ნახეთ, აშშ-ს სახელმწიფო მდივანი გაოგნებული წავიდა ბათუმიდან, როცა იუსტიციის სახლი ნახა და თქვა, რომ მსგავსი არსად არაფერი მინახავსო. აშშ-ის ჩათვლით. მართლა ასეა“, - განაცხადა სააკაშვილმა.
სააკაშვილის განცხადებით, საქართველოში მოქმედი იუსტიციის სახლები ყველაზე უფრო შორს წასულია ხალხის მომსახურეობის თვალსაზრისით.
„მსოფლიოს მასშტაბით ჩვენ, რაღაც ახალი ინოვაცია შევქმენით, რათა საქართველოში ხალხს ცხოვრება გავუადვილოთ“, - განაცხადა სააკაშვილმა.
იუსტიციის მინისტრის მოადგილის, გიორგი ვაშაძის განცხადებით, იუსტიციის სამინისტრო უკვე სხვადასხვა ტიპის სერვისებს იმატებს.
„დღეიდანვე დაიწყება სტუდენტური ბარათების გაცემა, ანუ „აიდი“ ბარათი პარალელურ რეჟიმში სტუდენტური ბარათი ხდება. კვირის ბოლოს დაიწყება ატეტსატების გაცემა და ასევე ძალიან მალე მართვის მოწმობებიც გაცემა. სრულიად ახალი სერვისების ინტეგრაცია მიმდინარეობს იუსტიციის სახლებში, რომელსაც ჩვენ ვხსნით“, - განაცხადა ვაშაძემ.