კომუნიკაციების კომისია ზილფიმიანს   საზოგადოების შეცდომაში შეყვანაში ადანაშაულებს

კომუნიკაციების კომისია ზილფიმიანს საზოგადოების შეცდომაში შეყვანაში ადანაშაულებს

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია 2012 წლის 8 ივნისს ერთ-ერთი სამაუწყებლო არხზე ბ-ნ დავით ზილფიმიანის განცხადებას ეხმიანება. ამასთან დაკავშირებით კომისიამ დღეს სპეციალური განცხადება გამოქვეყნა, სადაც სტერეო+ ის ხელმძღვანელს, დავით ზილფიმიანს საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ადანაშაულებს.

განცხადებაში ნათქვამია, რომ დავით ზილფიმიანი რამდენიმე დღის განმავლობაში საზოგადოების დარწმუნებას ცდილობდა, რომ NF13 ლიცენზიით სარგებლობა შეუძლებელია თუ ამ ლიცენზიით გათვალისწინებულ სიხშირეებზე გაშვებულ სიგნალს ღია ეთერით მომხმარებლები არ მიიღებენ. 

აღნიშნულ განცხადებას From.ge უცვლელად გთავაზობთ:

„სიუჟეტი საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ 2012 წლის 8 ივნისს გაკეთებულ განცხადებას ეხებოდა. კომისიამ განცხადების გავრცელება გადაწყვიტა, რადგან დაინახა, რომ საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მიზანმიმართული ქმედება გრძელდებოდა. შპს „სტერეო+“- ის ხელმძღვანელი, ფიზიკოსი და პროფესორი, დავით ზილფიმიანი რამდენიმე დღის განმავლობაში საზოგადოების დარწმუნებას ცდილობდა, რომ  NF13 ლიცენზიით სარგებლობა შეუძლებელია თუ ამ ლიცენზიით გათვალისწინებულ სიხშირეებზე გაშვებულ სიგნალს ღია ეთერით მომხმარებლები არ მიიღებენ. სწორედ ამიტომ, კომისიამ 2012 წლის 8 ივნისს გაავრცელა განცხადება და „სტერეო+“-ს ტექნიკური გადაწყვეტის ერთ-ერთი გზა, რეკომენდაციის სახით შესთავაზა, მხედველობაშია კოდირებული სიგნალის გაშვება. თუმცა, იმავე დღეს ბ-ნ დავითმა ზემოაღნიშნულ სიუჟეტში წინა დღეებში წარმოებული საზოგადოების შეცდომაში შეყვანის კამპანია კვლავ გააგრძელა.

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში 2012 წლის 6 ივნისს გამართულ სხდომაზე, სადაც შპს „სტერეო+“-ს სანქცია დაეკისრა (ერთ-ერთი დარღვევა სალიცენზიო პირობების დაუცველობა იყო, რადგან კომპანიას ლიცენზია სხვა მომსახურებისთვის ჰქონდა აღებული და სრულიად სხვა მომსახურებას ახორციელებდა), კომპანიის დირექტორი, ფიზიკოსი და პროფესორი,  დავით ზილფიმიანი აცხადებდა, რომ სალიცენზიო პირობების დაცვა ფიზიკის კანონებიდან გამომდინარე შეუძლებელია. თუმცა, 2012 წლის 8 ივნისს გასულ სიუჟეტში იგივე პიროვნება აცხადებს, რომ შპს „სტერეო+“-ს კუთვნილი NF13 ლიცენზიის სალიცენზიო პირობების შესრულება შესაძლებელია, ოღონდ ამისთვის მისი კომპანიის კუთვნილი აპარატურის გადაიარაღებაა საჭირო, რაც დიდ ფინანსურ დანახარჯებს უკავშირდება. კომისიის აზრით, ბ-ნ დავით ზილფიმიანის განცხადება ურთიერთგამომრიცხავია ან ის მიიჩნევს, რომ თუ ფინანსები არსებობს, შესაძლებელია ფიზიკის კანონების შეცვლაც.

სიუჟეტში, საუბარი ასევე, შეეხო შპს „სტერეო+“-ს კუთვნილ ლიცენზიას და ვალდებულებებს. ტელეკომპანია „მეცხრე არხის“ ხელმძღვანელმა კახი ბექაურმა განაცხადა, რომ დავით ზილფიმიანის კუთვნილი კომპანიის ლიცენზიის სალიცენზიო პირობების გათვალისწინებით კომპანიას მაუწყებლის სიგნალის ე. წ „ღია ლინკით“ გავრცელების აკრძალვა არ ჰქონდა. კიდევ ერთხელ განვმარტავთ, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ შპს „სტერეო+“-ზე გაცემული NF13 ლიცენზიის სიხშირული ზოლი „რადიოსიხშირული სპექტრის განაწილების ეროვნული გეგმით“ გათვალისწინებულია   მოძრავი ან/და ფიქსირებული რადიოხაზებით მომსახურებისთვის და არა სამაუწყებლო არხის ღია  ეთერში გავრცელებისთვის. ეთერში მაუწყებლობის სიგნალის გასავრცელებლად იგივე ეროვნული გეგმის შესაბამისად ზუსტადაა განსაზღვრული სხვა სიხშირული დიაპაზონში, რაც დანამდვილებით იცის ბ-ნმა დავით ზილფიმიანმა.

კომისიის მიერ გაცემული  ლიცენზიებში არ არის მითითებული ლიცენზიით მინიჭებული რესურსის გამოყენების ტექნოლოგიები. ეს გადაწყვეტილება კომისიამ შეგნებულად მიიღო, რადგან ლიცენზიის მფლობელმა თავად უნდა განსაზღვროს მისთვის ყველაზე მეტად ხელსაყრელი გზა რესურსით სარგებლობის დროს, მაგრამ რა თქმა უნდა ყოველივე ეს სიხშირული რესურსის დანიშნულებისამებრ  გამოყენებით უნდა განხორციელდეს. აქვე დავამატებთ, რომ კომისია ყოველთვის მზად არის იურიდიული თუ ტექნიკური კონსულტაცია გაუწიოს ყველა ავტორიზებულ პირს და ლიცენზიის მფლობელ კომპანიას.

კიდევ ერთხელ ვაცხადებთ, რომ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას შპს „სტერეო+“-ისთვის არ აუკრძალავს NF13 ლიცენზიის გამოყენება. კომპანიას დაევალა საქმიანობის სალიცენზიო პირობების ფარგლებში  მოქცევა. ასევე, შპს „სტერეო+“ კუთვნილი რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზია გათვალისწინებულია მოძრავი ან/და ფიქსირებული რადიოხაზებით მომსახურებისთვის და არა სიხშირული სპექტრის გამოყენებით საეთერო მაუწყებლობის ან ტრანზიტული მაუწყებლობის უზრუნველყოფისთვის. ამ შემთხვევაში საერთოდ აზრს კარგავს „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული პროცედურა სიხშირული სპექტრის გამოყენებით სამაუწყებლო ლიცენზიის მოპოვებისთვის საჭირო საკონკურსო წესი“, - აღნიშნულია განცხადებაში.