ზურაბ აბაშიძე: რუსული ოპოზიცია დაქსასულია - ერთიანი, ძლიერი ლიდერი არ ჰყავს

ზურაბ აბაშიძე: რუსული ოპოზიცია დაქსასულია - ერთიანი, ძლიერი ლიდერი არ ჰყავს

 საერთაშორისო ექსპერტი ზურაბ აბაშიძე თვლის, რომ მართალია ამ მომენტში რუსული ოპოზიციური პროტესტი თითქოს დაღმავალი გზით წავიდა, თუმცა ნებისმიერ მომენტში სიტუაცია შეიძლება გამწვავდეს, რადგან რუსულ საზოგადოებაში უსამართლობის დიდი განცდაა. 

„ბოლო ნახევარი წლის განმავლობაში რუსული ოპოზიცია ძალიან გააქტიურდა და საერთოდ, საზოგადოებრივი ცხოვრება შეიცვალა. შარშან სექტემბრამდე ბატონ პუტინს რეალურად ოპოზიცია არ ჰყავდა, ახლა გაუჩნდა. რუსული ოპოზიცია დღეს დაქსასულია და არ ჰყავს ერთიანი, ძლიერი ლიდერი. პუტინი საკმაოდ ეფექტურ, საპასუხო  ნაბიჯებს დგამს ოპოზიციის წინააღმდეგ, მათ შორის ასე ვთქვათ, წმინდა ადმინისტრაციული „მოჭერის“, რომელიც რეპრესიული ხასიათისაა. შემოიღეს დიდი ჯარიმები მიტინგებთან დაკავშირებით, მოაწყეს ოპოზიციონერების რამდენიმე სამაგალითო სასამართლო პროცესი. ბოლო პერიოდში რუსული ოპოზიციის საპროტესტო ტალღა თითქოს დაღმავალი გზით წავიდა,  თუმცა, ნებისმიერ მომენტში შეიძლება გამწვავდეს სიტუაცია და მან დიდი მასშტაბები მიღოს, რადგან რუსულ საზოგადოებაში დიდი უსამართლობის განცდაა“,-აღნიშნავს აბაშიძე.