შალვა თადუმაძე: სასამართლომ  უკანონო და პოლიტიკურად მოტივირებული გადაწყვეტილება მიიღო

შალვა თადუმაძე: სასამართლომ უკანონო და პოლიტიკურად მოტივირებული გადაწყვეტილება მიიღო

კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერის, ბიძინა ივანიშვილის ადვოკატის, იურისტ შალვა თადუმაძის შეფასებით, თბილისის საქალაქო სასამართლომ ბიძინა ივანიშვილის დაჯარიმებით „რეფრექსული ქმედებები“ განახორციელა და პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღო.

როგორც თადუმაძემ From.ge-სთან საუბარში აღნიშნა, მოწინააღმდეგე მხარემ ვერანაირი რეალური დოკუმენტაციის წარმოდგენა ვერ მოახერხა ბიძინა ივანიშვილის ბრალის დასამტკიცებლად და აღნიშნა, რომ  მტკიცებულებები, რომლებიც მათ მიერ იქნა წარმოდგენილი არ შეესაბამებოდა იმ ადმინისტრაციულ საქმის წარმოებას, რომლის გამოც ბიძინა ივანიშვილი უნდა დასჯილიყო ან დაჯარიმებულიყო.

„ის არგუმენტაცია, რომელიც კონტროლის პალატის მიერ იყო წარმოდგენილი აბსოლუტურად ჭორაობაა. მათი მტკიცებით, „გლობალ ტვ“ ხელშეკრულების საფუძველზე აბონენტებზე სატელიტური ანტენების მიწოდებას ახორციელებს. ამის გამო კი, ბიძინა ივანიშვილი დაჯარიმდა. რა შუაშია ეს დაჯარიმებასთან ჩემთვისაც და სასამართლოსთვისაც გაუგებარი აღმოჩნდა. ვფიქრობ, სასამართლომ მიიღო უკანონო და პოლიტიკურად მოტივირებული გადაწყვეტილება“, - განაცხადა თადუმაძემ.

ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლომ კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერი ბიძინა ივანიშვილი 124 მლნ 220 ათას 190 ლარით დააჯარიმა.

ბიძინა ივანიშვილის ადვოკატები გადაწყვეტილების გასაჩივრებას უახლოეს მომავალში აპირებენ.

„ჩვენ ამ გადაწყვეტილების სააპელაციო სასამართლოში გასაჩივრებას ვაპირებთ, იმ შემთვევაში თუ არ დაკმაყოფილდა ჩვენი მოთხოვნა, საერთაშორისო სასამართლოს მივმართავთ“, - აღნიშნა თადუმაძემ.