კოალიცია „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატოს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელს, ჯეიმს აპატურაის შეხვდებიან. როგორც პოლიტიკური პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ლიდერმა, მანანა კობახიძემ From.ge-სთან საუბარში განაცხადა, დღევანდელ შეხვედრაზე კოალიცია მათ პოლიტიკურ ხედვას დააფიქსირებს და სამომავლო მიზნებს გააცნობს.
„შეხვედრა ჯეიმს აპატურაისთან ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან კოალიცია „ქართული ოცნების“ საგარეო პოლიტიკური კურსის ერთ ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება საქართველოს ნატოში ინტეგრაცია და მასთან დაახლოებაა. დღევანდელ შეხვედრაზე, ჩვენს პოლიტიკურ ხედვას დავაფიქსირებთ და აპატურაის ჩვენს მიზნებს გავაცნობთ, ასევე ზოგადად ვესაუბრებით იმ სამომავლო გეგემებზე, რომლის განხორციელებას „ქართული ოცნება“ ხელისუფლების სათავეში მოსვლის შემდეგ აპირებს“, - განაცხადა კობახიძემ და აღნიშნა, რომ კოალიციისთვის ყველა ის საკითხი მნიშვნელოვანია რომელზეც, დღეს იქნება მსჯელობა.
ჯეიმს აპატურაის შეხვედრა კოალიცია „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებთან დაახლოებით ერთი საათს გაგრძელდება.
ცნობისთვის, კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატოს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი, ჯეიმს აპატურაი საქართველოში ნატოს კვირეულში მონაწილეობის მისაღებად ჩამოვიდა.