მაია ფანჯიკიძე:  კოალიციიდან გარიცხული აქტივისტების წინაშე ბოდიშს არ ვიხდი

მაია ფანჯიკიძე: კოალიციიდან გარიცხული აქტივისტების წინაშე ბოდიშს არ ვიხდი

„ამ ადამიანების წინაშე ბოდიშს არ ვიხდი, რადგან მათ დაუშვეს ძალიან დიდი შეცდომა“, - ეს განცხადება „ქართული ოცნების“ პრესსპიკერმა, მაია ფანჯიკიძემ დღეს გამართულ ტრადიციულ ბრიფინგზე კოალიციიდან გარიცხული აქტივისტების მისამართით გააკეთა.

ფანჯიკიძემ პარტიიდან გარიცხულ აქტივისტებთან დაკავშირებით პარტიის მხრიდან გაკეთებულ განცხადებებს შორის შეუსაბამობაზეც ისაუბრა. მისი თქმით, ეს ადამიანები ნამდვილად მათი აქტივისტები იყვნენ, მაგრამ არა პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ წევრები. ამიტომ ის, რაც მოხდა მათთან მიმართებაში უბრალოდ გაუგებრობა იყო.

„პარტიის დამფუძნებელ ყრილობაზე 1200-ზე მეტი კაცი იყო წარმოდგენილი და დამფუძნებელთა შორის სიების გადამოწმებისას ისინიც აღმოჩნდნენ. აქედან გამომდინარე, შესაძლოა, ისინი ავტომატურად ყოფილიყვნენ განხილულნი, როგორც პარტიის წევრები და შემდეგ პოლიტსაბჭომ უკვე მათი გარიცხვის შესახებ გადაწყვეტილება მიიღო“, - აცხადებს ფანჯიკიძე.

მისითქმით, კოალიციის მხრიდან მათ მისამართით გაკეთებულ განცხადებებში შეუსაბამობა სწორედ ის იყო, რომ ფუნქციების გადამოწმება ვერ მოხერხდა. რაც შეეხება მათი გაწირვა-არ გაწირვის საკითხს, ფანჯიკიძის განცხადებით, ისინი თავიდანვე აპირებდნენ მათთვის ყველანაირი დახმარების აღმოჩენას, მათ შორის სამართლებრივი კუთხითაც.

„მათ არ გაითვალისწინეს პარტიული დისციპლინა, ისინი თავიდანვე იყვნენ გაფრთხილებულნი, რომ არავითარ შემთხვევაში, პროვოკაციებს არ უნდა წამოგებოდნენ და ეს ბარათები სხვა ინტერპრეტაციების საბაბი არ უნდა გამხდარიყო. მათ თავიდანვე აღიარეს, რომ არავის დაუვალებია ის ყველაფერი, რაც თქვეს. შესაბამისად, პოლიტსაბჭომ ეს გადაწყვეტილება ხანგრძლივი მსჯელობის შემდეგ მიიღო", - განაცხადა ფანჯიკიძემ.