თემურ ჩოჩუა: პრომეთეს მღვიმეში შესვლა საშიშია

თემურ ჩოჩუა: პრომეთეს მღვიმეში შესვლა საშიშია

ტურისტული განვითარების ყოფილი ხელმძღვანელის, თემურ ჩოჩუას ინფორმაციით,  პრომეთეს მღვიმეში შესვლა ტურისტებისთვის სახიფათოა. როგორც ჩოჩუამ ჟურნალისტებს განუცხადა, მღვიმეში ინფრასტრუქტურის განვითარებაზე საქველმოქმედო ასოციაცია „ატუმ“-მ იზრუნა, მარტის ბოლოს კი ძირითადი სარემონტო სამუშაოების დასრულების შემდეგ, დაცული ტერიტორია ხელისუფლებამ გადაიბარა.

„ გადაბარების შემდეგ მღვიმეში სამუშაოები სერიოზული დარღევებით ჩატარდა. უსაფრთხოების ნორმები არ დაუცვიათ, როცა ტურისტებისთვის მღვიმიდან მდინარეში გასასვლელი გვირაბი გაჭრეს - ძლიერი აფეთქებისას მღვიმის ჭერის მონაკვეთი დაზიანდა. რამაც მდგრადობის უზრუნველმყოფელი ბალანსი დაარღვია. ამისგან გამოწვეულია ქვათა ცვენა, რომელიც დღემდე გრძელდება“, - აცხადებს ჩოჩუა.

მისივე თქმით, ჩატარებული სამუშაოების შემდეგ მღვიმეში ტურისტების შეყვანა უსაფრთხოების მიზნით დაუშვებელია. როგორც ჩოჩუა აცხადებს,   მისი შეშფოთების მიზეზი ქუთაისში,  პარლამენტის მშენებლობაზე დატრიალებული ტრაგედია გახდა და აღნიშნა, რომ ნელ-ნელა თავს იჩენს ნაჩქარევად და არაკომპეტენტურად შესრულებული პროექტების უარყოფითი შედეგები.

 „სახელმწიფომ ურთულესი პროექტი  სულ რაღაც არასრულ 3 თვეში შეასრულა. მოსახლეობა მირეკავდა და მეუბნებოდა, რომ ასაფეთქებლად ისეთი მუხტები იყო გამოყენებული, რომ მათი სახლები ზანზარებდა. შედეგიც შესაბამისი იყო. ერთ ადგილზე ჭერი გაირღვა  და ქვებს ვერ აჩერებდნენ. ამან შეიძლება ძალიან სახიფათო პროცესები გამოიწვიოს იქ, სადაც ტურისტები დადიან“, -  აცხადებს ჩოჩუა.

ჩოჩუამ ისაუბრა ასევე მღვიმეში არსებულ ეკოლოგიური მდგომარეობაზე და აღნიშნა, რომ ამ მხრივ ვითარება ძალიან მალე სავალალო იქნება.

„ეკოლოგიური მდგომარეობაც მალე სავალალო იქნება. ახლა წყლის გამოსასვლელი გახსნეს. უნდა არსებობდეს მისი ჩამკეტი, რათა არ მოხდეს მღვიმის მიკროკლიმატის გადინება. წინააღმდეგ შემთხვევაში ეს მღვიმე დაიღუპება. ასეთი ჩამკეტი კი არ არსებობს“, - აღნიშნა ჩოჩუამ.

მიუხედავად ამისა, წყალტუბოს მღვიმეს რამდენიმე დღეში პრეზიდენტი ამჯერად, უკვე მესამედ  გახსნის.

დაცული ტერიტორიების სააგენტოს ინფორმაციით, მღვიმეში ყველანაირი უსაფრთხოების ნორმა დაცულია.