აღმოსავლეთ  პარტნიორობის  სამოქალაქო  საზოგადოება:  2012  წლის არჩევნებს საქართველოს დემოკრატიული განვითარებისათვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს

აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოება: 2012 წლის არჩევნებს საქართველოს დემოკრატიული განვითარებისათვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს

აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოებამ ბრიუსელში გამართულ დემოკრატიის, ადამიანის უფლებების, კარგი მმართველობისა და სტაბილურობის პირველი სამუშაო ჯგუფის შეხვედრაზე საქართველოს შესახებ განცხადება მიიღო.

განცხადებაში ნათქვამია, რომ  2012  წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს საქართველოს დემოკრატიული განვითარებისათვის.

განცხადებით თანახმად, ახალი პარლამენტი უზრუნველყოფს ქვეყნის გარდაქმნას საპარლამენტო რესპუბლიკად და ჩამოაყალიბებს ახალ მთავრობას 2010 წლის 15 ოქტომბრის საკონსტიტუციო ცვლილებების შესაბამისად.

 „მართალია, უკვე არსებობს იმის წინაპირობები, რომ მომავალი არჩევნები იქნება კონკურენტული, კიდევ რჩება გამოწვევები თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარების კუთხით. 2012 წლის თებერვალში ქართული სამოქალაქო საზოგადოების მნიშვნელოვანმა ნაწილმა დაიწყო კამპანია სახელწოდებით „ეს შენ გეხება“, რომლის მიზანია გაუმჯობესდეს საარჩევნო კანონმდებლობა და გაუმჯობესდეს წინასაარჩევნო  გარემო. კამპანიის მიერ შემუშავებული ბევრი წინადადება უკვე აისახა ეროვნულ კანონმდებლობაში 2012 წლის მაისში შეტანილ ცვლილებებში. 2012 წლის 7 მაისს ქართულმა არასამთავრობო და მედია ორგანიზაციებმა დამატებითი საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი წარუდგინეს პარლამენტს, რომელიც, მიღების შემთხვევაში, გახდება საქართველოში დემოკრატიული არჩევნების ჩატარების გარანტი. განსაკუთრებულ ყურადღებას მოითხოვს ცვლილებათა პაკეტში must-carry და must-offer პრინციპების შეტანა, ვინაიდან ისინი უზრუნველყოფენ პლურალისტული მედიის ხელმისაწვდომობას ქვეყანაში“, - ნათქვამია განცხადებაში.

 აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის პირველი სამუშაო ჯგუფის მონაწილეები მოუწოდებენ საქართველოს ხელისუფლებას: უზრუნველყონ პლურალისტული მედიის ხელმისაწვდომობა და თანაბარი სატელევიზიო ეთერი ყველა პოლიტიკური პარტიისათვის საარჩევნო პერიოდში; შექმნას ფორუმი პოლიტიკური დებატებისათვის; დახვეწოს ხმების დათვლის პროცედურა არჩევნების დღეს; დაარეგულიროს ადმინისტრაციული რესურსების გამოყენება.

 გარდა ამისა, მოუწოდებენ ევროკავშირს, მხარი დაუჭიროს საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების ძალისხმევას, შეიქმნას თავისუფალი და კონკურენტული საარჩევნო და მედია გარემო ქვეყანაში.