ეკონომიკის ექსპერტი დემურ გიორხელიძე სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე საომარი მოქმედებების განახლების საშიშროებას ყველაზე ცუდ სცენარად მიჩნევს, რაც კი საქართველოს თუ მთლიანად რეგიონს შეიძლება დაემუქროს.
„სიმართლე გითხრათ, ამ სცენარის გაგრძელებაზე არ მინდა ვიფიქრო, იმიტომ, რომ ეს არის ყველაზე ცუდი რამ, რაც შეიძლება სამხრეთ კავკასიაში მოხდეს. ყარაბაღში სიტუაციის დაძაბვა და საომარი მოქმედებების განხორციელება პირდაპირ აისახება საქართველოს მდგომარეობაზე პოლიტიკურ თუ ეკონომიკურ ასპექტებში და ჩვენ იძულებული ვიქნებით, ირიბად მაინც ჩართულნი ვიყოთ ამ კონფლიქტში, რაც არაფერში გვჭირდება.
ვფიქრობ, მსოფლიოს მთავარი პოლიტიკური მოთამაშეები უდიდეს შეცდომას დაუშვებენ, თუ ამ კონფლიქტის ძალისმიერი განვითარების საშუალებას დაუშვებენ. მაგრამ არსებობენ შიდა ძალები, რომლებსაც თავიანთი მდგომარეობის შენარჩუნების გამო, შეიძლება სიტუაციის დაძაბვა აწყობდეთ. დღევანდელი გადასახედიდან არც აზერბაიჯანის და არც სომხეთის მხარე მზად არ არის კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარებისთვის. ისინი უფრო კონიუქტურული მოსაზრებებით გამოდიან და რაკი პრობლემის გადაწყვეტა თავიანთი შინაგანი რესურსებით არ შეუძლიათ , მეტ-ნაკლებად ინარჩუნებენ სტატუს კვოს. ეს დაძაბულობა კი გარკვეულ პოლიტიკურ მიზნებს ემსახურება და ეს ძალიან საშიში თამაშია“, -აღნიშნავს გიორხელიძე.
თუ ყარაბაღში საომარი მოქმედებები დაიწყო, ექსპერტი თვლის, რომ კონფლიქტი ინტერნაციონალიზირებული გახდება, რადგან სომხეთ-აზერბაიჯანის მოკავშირეები მხოლოდ პასიურ როლს არ დასჯერდებიან , ეს კი ისედაც კატასტროფულ მდგომარეობაში მყოფი საქართველოსთვის ურთულესი შედეგების მომტანი იქნება.
„ყარაბაღის ირგვლივ მდგომარეობის დაძაბვა და საომარი მოქმედებების განახლება, ავტომატურად ნიშნავს იმას, რომ კონფლიქტი ინტერნაციონალიზებული იქნება, რადგან როგორც ერთი, ისე მეორე მხარის მხარდამჭერები პასიურ როლს არ დასჯერდებიან. ისინი აქტიურად დაუჭერენ თავიანთ მოკავშირეებს მხარს. ეს კი გამოიწვევს იმას, რომ მსოფლიო პოლიტიკის რამდენიმე მთავარი მოთამაშე, ნებსით თუ უნებლიეთ ამ კონფლიქტში ჩართული იქნება, რასაც ამ ურთულეს რეგიონში, ძალიან დიდი საშიშროება შეიძლება მოჰყვეს. რადგან მსოფლიოში მსგავსი კონცენტრაცია იარაღისა, როგორიც სამხრეთ კავკასიაშია, არსად არის. ამ კონფლიქტის ინტერნაციონალიზაცია და ფართო მასშტაბით განვითარება ურთულესი შედეგების წინაშე დააყენებს საქართველოს. როგორც კი კონფლიქტი ინტერნაციონალიზირებული იქნებს, რუსეთი მხარს დაუჭერს თავის მოკავშირე სომხეთს, რადგან მას სჭირდება სატრანსპორტო არტერიები, ტექნიკის გადაადგილება და ა.შ და ეს სიტუაცია ისედაც კატასტროფულ სიტუაციაში მყოფ საქართველოს, კიდევ უფრო საშინელი მდგომარეობის წიანშე დააყენებს“,-აცხადებს გიორხელიძე.