პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერები ზესტაფონისა და წყალტუბოს სოფლების მოსახლეობას შეხვდნენ. მათი პრობლემებიც მოისმინეს და შეკითხვებსაც უპასუხეს. სოფლის მაცხოვრებლები დაუფარავად საუბრობენ ხელისუფლების უყურადღებობაზე მათ მიმართ.
სოფლის მაცხოვრებლების თქმით, მათ წყლის, გზის და სხვადასხვა სახის პრობლემები აქვთ. სოფელ ოფშკვითის მკიდრის, ვიტალი კახიანის განცხადებით, მოსახლეობა დაშინებულიცაა.
„პოლიცია ეუბნება ხალხს რაღაცას ჩაგიდებო და ვერ გამოდიან. შეშინებულია ხალხი და არ მოდიან. ვინ აშინებს და მთავრობა, ვინ შეაშნინებს ახლა? ვისაც აინტერესებს აშინებს იგი“, - აცხადებს ვიტალი კახიანი.
საყულიას მცხოვრები დათო დუშნიანის თქმით კი, „რაიმე დაგჭირდება წყალტუბოში თუ ჩახვალ და ამ მთავრობის საწინააღმდეგოს იტყვი რაიმეს, ასე გეუბნებიან: ოპოზიცია ხარ და ოპოზიციამ გაგიწიოს დახმარებაო. ასე არ შეიძლება“, - განაცხადა დათო დუშნიანმა.
მთავრობის ნათქვამი, რომ „ყველაფერი კარგადაა“ სიმართლეს არ შეესაბამება. მისივე თქმით, „ამხელა სოფელში ორი მოსაცდელი გაკეთდა, რაც „ნაციონალები“ მოვიდნენ მეტი არაფერი“.
პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ წევრის, გიორგი ვოლსკის განცხადებით, მიუხედავად იმ ინფორმაციული ღვარცოფისა, რომელიც ამ მხარესაა მოსახლეობას, მაინც ძალიან დიდი ინფორმაცია აქვთ და სიტუაციას ობიექტურად აანალიზებენ.
„ყოველდღიური ყოფიდან გამომდინარე იციან, რომ ეს ის არაა, რასაც ტელევიზი „რუსთავი 2“ და „იმედი“ ეუბნება“, - აცხადებს ვოლსკი.
კოალიციის წევრი, გოგი ქავთარაძე შეშფოთებულია იმ მდგომარეობით, რომელიც იმერეთის რაიონის სოფლებში დახვდა.
„უნდა გითხრათ, რომ კატასტროფული მდგომარეობაა. წყალი არაა, გაზი არაა, უმუშევრობით დატანჯულია ხალხი, ახალგაზრდობა ტოვებს სოფლებს, აჭედილია ფანჯრები. ჩვენ ვიცოდით, რა მდგომარეობა იყო, მაგრამ თუ ასეთი იქნებოდა, ვერ წარმომედგინა“, - განაცხადა ქავთარაძემ.
დიმა ჯაიანისთვისაც იმერეთში მცხოვრები მოსახლეობის ყოფა წარმოუდგენელი აღმოჩნდა.
„ბატონი სააკაშვილი ბრძანებს, რომ გზებს ვაშენებო. ზესტაფონის რაიონში მე რაც ვნახე, ვიცი სამეგრელოსა და გურიაში ძალიან ცუდი მდგომარეობაა, მაგრამ ეს რა ვნახე იმერეთში. გზა საერთოდ არაა. როგორ ცხოვრობენ აქ, ეს ადამიანები, ეს ჩემთვის წარმოუდგენელია, მაგრამ მაინც იმედიანად არიან. კაცს, რომელსაც არაფერი უნდა ამ ქვეყნიდან პირიქით, უნდა რაღაც გაუკეთოს ხალხს, ეს სჯერათ და შიში დაძლეული აქვთ“, - განაცხადა ჯაიანმა.
„ქართული ოცნების“ წევრი, პაატა ზაქარეიშვილი აცხადებს, რომ არის გარკვეული რაოდენობა ადამიანებისა, ვინც ვერ მოდის შეხვედრაზე და მოვლენებს შორიახლოდან აკვირდებიან.
„ეს საინტერესო მოვლენაა. აშკარად ჩანს, რომ შიში უფროა ვიდრე, უნდობლობა. ყველა ამბობს, რომ მათთვის ზოგადად მნიშვნელოვანია არჩევნებში მონაწილეობა და განსაკუთრებით მნიშვნელოვანია 10 ივნისს, 6 საათზე, ქუთაისში დაგეგმილ აქციაზე მოვიდნენ, რათა დაადასტურონ თავიანთი პატივისცემა და მოლოდინების სიმტკიცე ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებით“, - განაცხადა ზაქარეიშვილმა.