ბიძინა ივანიშვილი:  სააკაშვილს თუ ჰგონია, რომ ქუთაისს დამატებით ღირსებებს ახლა უბრუნებს ძალიან ცდება

ბიძინა ივანიშვილი: სააკაშვილს თუ ჰგონია, რომ ქუთაისს დამატებით ღირსებებს ახლა უბრუნებს ძალიან ცდება

პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერი, ბიძინა ივანიშვილი საქართველოს პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გადაწყვეტილებას ქუთაისისთვის საპარლამენტო დედაქალაქის სტატუსის მინიჭებაში  მნიშვნელოვანს და განსაკუთრებულს ვერაფერს ხედავს.

მისი თქმით, ქუთაისის ასაღორძინებლად პარლამენტის იქ გადატანა საკმარისი ვერ იქნება და ამ რეგიონს და მთლიანად საქართველოს განსაკუთრებული, კომპლექსირებული  მიდგომა სჭირდება.

ივანიშვილის განცხადებით, ქუთაისს  ძალიან მდიდარი ისტორია აქვს.  ასწლეულებისა და  საუკუნეების განმავლობაში, როდესაც საქართველო გახლეჩილი იყო ორ ნაწილად, ქუთაისი და თბილისი ქართველების სულიერ ურთიერთობას ახერხებდა. მისი თქმით, ქუთაისს მუდამ, ტრადიციულად ძალიან დიდი მნიშვნელობა და  როლი  ჰქონდა,  სააკაშვილმა კი, ეს ისტორია მთლიანად გადაყარა და ჰგონია,  რომ ახლა თავიდან შეძლებს აღმაშენებლის ქალაქს, რაღაც განსაკუთრებული მიანიჭოს.

„საქართველოს გაერთიანება იმერეთიდან და ქუთაისიდან დაიწყო, თუ გნებავთ საგანმანათლებო ტრადიციები დაწყებული აღმაშენებლიდან, როდესაც იქ გელათი და გელათის აკადემია შეიქმნა.  აქედან მოყოლებული ქუთაისს უდიდესი როლი ჰქონდა.  ის მოიხსენიებოდა, როგორც ერთ-ერთი საგანმანათლებო  ცენტრი. ასევე ქუთაისის კლასიკური გიმნაზიის დამთავრებულებმა დაარსეს  სახელმწიფო უნივერსიტეტი. ქუთაისს ტრადიციულად ძალიან დიდი მნიშვნელობა ჰქონდა,  ეს ისტორია სააკაშვილმა მთლიანად გადაყარა.  ის 2003 წლიდან ცდილობს აჩვენოს ქართველ ხალხს, რომ საქართველოს ისტორია სააკაშვილის მოსვლიდან დაიწყო, თუ ჰქონია, რომ ქუთაისს დამატებით ღირსებებს ახლა უბრუნებს ძალიან ცდება“, - განაცხადა ივანიშვილმა.

ივანიშვილის განცხადებითვე, ქუთაისში აუცილებელია სხვადასხვა ტიპის დაწესებულებები აღორძინდეს.

„არ გამოირიცხება ტექნოლოგიური უნივერსიტეტის იდეა ქუთაისში განხორციელდეს.  იქ სხვადასხვა საწარმოები უნდა დაფუძნდეს.  არ მინდა მოვლენებს წინ გავუსწრო, მაგრამ მოლაპარაკებები მაქვს  ერთ-ერთ ამერიკულ კომპანიასთან და შესაძლებელია, რაღაც ისეთ მრეწველობაში მივიღოთ მონაწილეობა.  ამის ადგილი უფრო იმერეთი და ქუთაისი წარმომიდგენია“, - განაცხადა ივანიშვილმა.

მისი თქმით, კოალიცია „ქართულ ოცნებას“ ძალიან კარგად გაწერილი გეგმა აქვს.

„პიარკამპანიებით,  რომ ერთ შენობას იქ ააშენებს და მეორეს გაღებავს ამით ქვეყანას არ ეშველება. ამ კამპანიით და სიცრუის მანქანით ხალხი გაჭირვებიდან ვერ გამოვა. ჩვენ ძალიან კარგად გაწერილი გეგმა გვაქვს საერთოდ საქართველოზე“, - განაცხადა ივანიშვილმა.