პოლიტიკური კოალიცია “ქართული ოცნების” საგანგებო განცხადება

პოლიტიკური კოალიცია “ქართული ოცნების” საგანგებო განცხადება

"ქართული ოცნება“ ხელისუფლების მხრიდან მათ მიერ  განხორციელებულ ღონისძიებებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს  „ქართული ოცნები“-ის ინფორმაციით, კოალიციის მიმართ  „სისტემური, წინასწარ დაგეგმილი ბინძური კამპანია“ გრძლედდება. ამასთან დაკავშირებით, კოალიციამ დღეს საგანგებო განცხადება გაავრცელა.

  განცხადებაში კოალიცია არასამთავრობო ორგანიზაციებს მყისიერი რეგირებისკენ მოუწოდებს და  '' ქართული ოცნების" განცხადებას From.ge უცვლელად გთავაზობთ:

 საქართველოში აშშ სახელმწიფო მდივნის ჰილარი კლინტონის ვიზიტის დასრულებისთანავე, საქართველოს ხელისუფლებამ განახორციელა მთელი რიგი უკანონო მოქმედებებისა, რის შედეგადაც,ქვეყანაში შექმნილი ისედაც მძიმე პოლიტიკური და სამართლებრივი მდგომარეობა კიდევ უფრო გაუარესდა. ქართული ოცნების წარმომადგენლების მიმართ განხორციელებული რეპრესიული ღონისძიებები აშკარა პოლიტიკური ანგარიშსწორების ნიშნებს ატარებს და სახიფათო ტენდენციას იძენს. ამგვარი ტენდენციები განსაკუთრებით თვალშისაცემია მაღალი რანგის სტუმრების ვიზიტების შემდეგ.

 1. 2012 წლის 7 ივნისს ქუთაისში დააპატიმრეს რამდენიმე ახალგაზრდა, იმ მოტივით, რომ თითქოს ისინი „ქართული ოცნების“ სახელით ამომრჩევლების მოსყიდვას ახორციელებდნენ. ამასთანავე, სამი ახალგაზრდის მიერ ტელევიზიით გაკეთებული განცხადების გამო, მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნულ განცხადებებთან ყოველგვარი კავშირი კატეგორიულად უარყო პოლიტიკურმა კოალიციამ, სამართალდამცავებმა დაკითხვებზე დაიბარეს ათეულობით ჩვენი მომხრე და აქტივისტი იმერეთის რეგიონში, როგორც არარსებული და მოგონილი დანაშაულის მოწმეები. განსაკუთრებით დიდია ზეწოლა ქართული ოცნების ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლებზე.

  2. 2012 წლის 4 ივნისს პოლიტიკურმა პარტიამ “ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველო” საქართველოს კონტროლის პალატისგან მიიღო ულტიმატუმი, რომ ხუთი დღის ვადაში გადაურიცხოს შპს „მენეჯმენტ სერვისს“ დაახლოებით ნახევარი მილიონი ლარი, რომელიც ამ უკანასკნელმა თითქოს უკანონო შემოწირულობის სახით გადასცა პოლიტიკურ პარტია „ქართული ოცნება დემოკრატიულ საქართველოს“. რეალურად, მსგავსი დარღვევა შეუძლებელია მომხდარიყო, ვინაიდან პარტია “ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველო” ოქმში მითითებულ დროს საერთოდ არ არსებობდა  და არავითარი სახელშეკრულებო ურთიერთობა ორ სუბიექტს შორის არ არსებობს.

  3. 2012 წლის 6 ივნისს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ შპს „სტერეო +“ ამ უკანასკნელის კუთვნილი რადიოსიხშირეებით სარგებლობის ლიცენზიის პირობების დარღვევაში დაადანაშაულა და აუკრძალა ახლადშექმნილი დამოუკიდებელი სამაუწყებლო კომპანიის  „მე-9 არხის“  სიგნალის გადაცემა, რითაც უხეშად ხელყო საქართველოს კონსტიტუციით და ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართლით გარანტირებული ინფორმაციის მიღება / გავრცელების უფლება და გამოხატვის თავისუფლება. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ პრობლემა, რომელიც შპს “სტერეო  +” მის მიერ „მე-9 არხის“  ჩართვის გადაწყვეტილების გამოცხადებისთანავე შეუქმნეს, სწორედ ქალბატონი კლინტონის ვიზიტის წინ მოგვარდა და კონფლიქტი ამოწურული იყო. თუმცა, სახელმწიფო მდივნის მიერ ქვეყნის დატოვებისთანავე, კომუნიკაციების მარეგულირელებმა კომისიამ ტელევიზიის გათიშვისა და კომპანიის დაჯარიმების გადაწყვეტილება გამოიტანა.

  4. 2012 წლის 7 ივნისს საქართველოს კონტროლის პალატამ გამოსცა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი, რომლითაც სასამართლოს მიმართა ფიზიკური პირი, ბიძინა ივანიშვილის დაჯარიმების მოთხოვნით, ამ უკანასკნელის მიერ პოლიტიკური პარტია „ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს“ სასარგებლოდ თითქოსდა დაახლოებით 15 მილიონი ლარის ოდენობის უკანონო შემოწირულობის განხორციელების გამო. ბრალდება ემყარება სრულიად დაუსაბუთებელ, გამოგონილ ფაქტებს, რომელთა დამადასტურებელი მტკიცებულებები არ არსებობს. კონტროლის პალატის მიერ გამოგზავნილი მასალებით, არც ერთ შემთვევაში არ დასტურდება არც კომპანიების მიერ სამართალდარღვევის ჩადენა და არც ბიძინა ივანიშვილის მონაწილეობა რაიმე უკანონო ქმედებაში. გამოგონილი სამართლადარღვევისათვის ბიძინა ივანიშვილს დაახლოებით 75 მილიონი ლარით დაჯარიმება ემუქრება.

   ყველა ზემოთჩამოთვლილი მოვლენა დროის მოკლე პერიოდში, სამი დღის განმავლობაშიმოხდა, რაც გვაფიქრებინებს რომ პოლიტიკური კოალიცია ქართული ოცნების მიმართ გრძელდება სისტემური, წინასწარ დაგეგმილი ბინძური კამპანია, რომლის საბოლო მიზანიც 7 ივნისს, ხელისუფლებასთან დაახლოებული არასამთავრობო ორგანიზაცია “სუფთა პოლიტიკის” წარმომადგენელმა საჯაროდ განაცხადა-შეითითხნოს საქმე და შეიქმნას საკმარისი “მტკიცებულებები” ბიძინა ივანიშვილისა და კოალიცია “ქართული ოცნების” საარჩევნო პროცესისაგან ჩამოსაშორებლად.

   დარწმუნებული ვართ, საქართველოში მოქმედი ყველა ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციის ვალია, დღესვე შეისწავლონ აღნიშნული ფაქტები და მყისიერი რეაგირება მოახდინონ ხელისუფლების მიერ კოალიცია ქართული ოცნების წინააღმდეგ დაგეგმილ კამპანიაზე, რათა ყველამ ერთად ვუზრუნველყოთ კონკურენტუნარიანი არჩევნების ჩატარება, სადაც საქართველოს მოქალაქეები თავისუფალი ნების გამოვლენის პირობებში გააკეთებენ პოლიტიკურ არჩევანს",-აღნიშნულია განცხადებაში.