პარლამენტის ვიცე–სპიკერმა რუსუდან კერვალიშვილმა ოპოზიციონერ დეპუტატს ჯონდი ბაღათურიას დღეს, უცნაური ფრაზით მიმართა: „თქვენი ხმა ისმის ბიუროზე და რა თქმა უნდა, ეს არის ჩვენი დამსახურება“.
ბიუროს სხდომის წამყვანმა რუსუდან კერვალიშვილმა ჯონდი ბაღათურიას მისამართით ეს განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც „ქართული დასის“ ლიდერმა სამარშრუტო ტაქსებში რადიოს სიხშირის გამორთვის გამო პროტესტი გამოთქვა.
ბაღათურიას განცხადებით, სამარშუტო ტაქსებში, მოსახლეობა ძირითადად „მაესტროსა“ და „ობიექტივს“ უსმენდა, ახლა კი მათი გათიშვა იგეგმება.
„ეს არის თავისუფალ სიტყვაზე პირდაპირი შეტევა,დემოკრატიასა და თავისუფალ მედიაზე შეტევა“, – აღნიშნა „ქართული დასის“ ლიდერმა. მანვე პროტესტი გამოთქვა იმის გამო, რომ ტელეკომპანია „მე–9 არხის“ გათიშვა იგეგმება.
ამ განცხადების მოსმენის შემდეგ, კერვალიშვილმა ბაღათურიას ასე მიმართა: „ბატონო ჯონდი, ძალიან დიდი მადლობა, თქვენი ხმა ისმის ბიუროზე და რა თქმა უნდა, ეს არის ჩვენი დამსახურება. ამის მოსმენის შესაძლებლობა აქვს მთელ ჟურნალისტთა კორპუსს“.