აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერი, მარკ ტონერი რუსეთის საგარეო პოლიტიკური უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებას გამოეხმაურა.
მისი თქმით, რუსეთთან გადატვირთვის პოლიტიკაში ერთ-ერთი ყველაზე მწვავე კვლავ საქართველოს საკითხია.
ცნობისთვის, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ამერიკელი მაღალჩინოსნები საქართველოს ხელისუფლებისადმი კვლავ ხმამაღალ მხარდამჭერ განცხადებებს აკეთებენ და ქვეყნის ტერიტორიების ოკუპაციასთან დაკავშირებით პროპაგანდისტულ გამოსვლებს იმეორებენ.
„სწორედ ამან უბიძგა სააკაშვილს დანაშაულებრივ ავანტიურაზე, რომელიც სამხრეთ ოსეთში განახორციელა. შედეგად ასობით მშვიდობიანი მოქალაქე, ასევე რუსი სამშვიდობოები დაიღუპნენ. მაშინ რუსეთს მოუწია „აგრესორი გონზე მოეყვანა“. ახლა ჩნდება „დეჟავიუს“ განცდა. ამერიკის მაღალჩინოსნები კვლავ აკეთებენ ხმამაღალ განცხადებებს მიხეილ სააკაშვილის მხარდასაჭერად და კვლავ იმეორებენ ცრუ თეორიებს რუსულ ოკუპაციასთან დაკავშირებით“, - განაცხადა ლუკაშევიჩმა.
რუსეთის საგარეო უწყების წამომადგენლის აზრით, ასეთი განცხადებებით ამერიკა აქეზებს თბილისის ისედაც რევანშისტულ განწყობას და ვაშინგტონი თავის პასუხისმგებლობას ბოლომდე ვერ აცნობიერებს.