ბაღათურიამ პენსიონერებს საპენსიო რეფორმა გააცნო

ბაღათურიამ პენსიონერებს საპენსიო რეფორმა გააცნო

„ქართული დასის“ ლიდერმა ჯონდი ბაღათურიამ დღეს პენსიონერებს საპენსიო რეფორმის შესახებ კანონპროექტი გააცნო.

ბაღათურიას განცხადებით, ამ კანონპროექტის თანახმად, ყველა კატეგორიის პენსიონერის პენსია საარსებო მინიმუმს უნდა გაუთანაბრდეს, ანუ 170 ლარს და ამას დაემატოს სტაჟის მიხედვით ყოველ ნამუშევარ წელიწადზე – 2 ლარი.

„ამ კანონპროექტის თანახმად, ასაკით პენსიონერების საშუალო პენსია 200–250 ლარამდე გახდება. ეს არ არის ბევრი, მაგრამ ის მინიმუმია, რაც სახელმწიფოს თავისი რესურსებიდან გამომდინარე შეუძლია პენსიონერებს მისცეს“, –აღნიშნა ბაღათურიამ.

აღნიშნული კანონპროექტი 2009 წელს არის ინიცირებული, მაგრამ მისი განხილვა საპარლამენტო კომიტეტებში ჯერ არ მომხდარა.

„ ქართული დასის“ მიერ მომზადებულ კანონპროექტს დღეს პარლამენტში მისულმა პენსიონერებმა მხარი დაუჭირეს და ხელისუფლებას მიმართეს, რომ მათი პენსია საარსებო მინიმუმამდე გაიზარდოს.