ეკა გიგაური: რუბინთან ვისაუბრეთ  რა პრობლემები გადასაჭრელი  თავისუფალი და დემოკრატიული არჩევნების  ჩასატარებლად

ეკა გიგაური: რუბინთან ვისაუბრეთ რა პრობლემები გადასაჭრელი თავისუფალი და დემოკრატიული არჩევნების ჩასატარებლად

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ ხელმძღვანელმა, ეკა გიგაურმა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე, ერიკ რუბინთან შეხვედრაზე აქცენტი წინასაარჩევნო გარემოსა და მომავალ არჩევნებზე გააკეთა.
გიგაურის განცხადებით, არჩევნების დემოკრატიულად ჩატარება ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხია და ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებასთანაა კავშირში.
„ის საკითხი, როგორ ჩატარდება არჩევნები და რამდენად დემოკრატიული იქნება პირდაპირ კავშირშია, თუ როგორ განვითარდება შემდგომში ჩვენი ქვეყანა. ამის გამო, ჩვენ არჩევნებზე ვისაუბრეთ და ყურადღება გავამახვილეთ იმაზე, თუ რა პრობლემები უნდა გადაიჭრას იმისთვის, რომ საქართველოში თავისუფალი და დემოკრატიული არჩევნები ჩატარდეს. ერთი საკითხი ქვეყანაში პლურალისტული მედია გარემოს ჩამოყალიბება იყო, რომ აუცილებელია მედიასაშუალებებს ჰქონდეთ საშუალება თავიანთი ინფორმაცია საზოგადოების სხვადასხვა წარმომადგენლებსა და საქართველოში მცხოვრებ ყველა ადამიანს მიაწვდინონ“, - განაცხადა გიგაურმა.
გიგაურის თქმით, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილესთან საერთაშორისო დამკვირებლების არჩევნებამდე ჩამოსვლის აუცილებლობაზეც ისაუბრეს.
„ვისაუბრეთ იმაზე რამდენად მნიშვნელოვანია ისინი საქართველოში არჩევნებამდე რამოდენიმე თვით ადრე ჩამოვიდნენ, რათა მიმაჩნია, რომ ძალზე მნიშივნელოვანია ისინი დააკვირდნენ ზუსტად წინასაარჩევნო გარემოსა და მედიაგარემოს“, - განაცხადა გიგაურმა.
მისივე თქმით, სახელმწიფო მდივნის მოადგილისგან დღეს, მიიღეს მკაფიო გზავნილები, იმის შესახებ, რომ ჰილარი კლინტონი, საქართველოს პრეზიდენტსა და პრემიერ-მინისტრთან საქართველოში არსებულ პრობლემებზე ისაუბრებს.
„ვგულისხმობ წინასაარჩევნო გარემოს. მივიღეთ დაპირება, რომ სახელმწიფო მდივანი დააყენებს იმ საკითხებს, რომლებიც უნდა მოგვარდეს აუცილებლად, რათა ქვეყანაში დემოკრატიული არჩევნები ჩატარდეს“, - განაცხადა გიგაურმა.