სოზარ სუბარი:  ქუთაისში აქციაზე მოსვლის მსურველი გაცილებით მეტია  ვიდრე,  მოედანი, სადაც აქცია უნდა გაიმართოს

სოზარ სუბარი: ქუთაისში აქციაზე მოსვლის მსურველი გაცილებით მეტია ვიდრე, მოედანი, სადაც აქცია უნდა გაიმართოს

პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერები, იმერეთის მასშტაბით 10 ივნისისთვის აქციისთვის მხადამჭერების მობილიზებას აწარმოებენ. კოალიციის ერთ-ერთი ლიდერის, სოზარ სუბარის განცხადებით, ის „ქართული ოცნების“ ლიდერებთან ერთად, წყალტუბოს რაიონში იმყოფება და აღნიშნავს, რომ აქ მოსახლეობის განწყობამ მოლოდინს გადააჭარბა.

სუბარის თქმით, ისინი ძალიან გულისყურით უსმენენ „ქართული ოცნების“ პროგრამებს და თანხმდებიან იმაზე, რომ სააკაშვილის ხელისუფლებაში დარჩენის შემთხვევაში, ქვეყანას მომავალი არ აქვს.

სუბარი ქუთაისში, აქციაზე მხარდამჭერთა მასშტაბურ გამოსვლას ელოდება და აცხადებს, რომ აქციაზე მოსვლის მსურველი გაცილებით მეტია ვიდრე, მოედანი, სადაც აქცია უნდა გაიმართოს.

„კოალიციის წარმომადგენლები მთელი იმერეთის მასშტაბით, ასე ვართ განაწილებულნი. ჩვენი მიზანია საზოგადოებამდე მივიტანოთ ინფორმაცია ამ აქციის შესახებ და ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რას ვაპირებთ. წარმოუდგენელი აქტივობაა მოსახლეობისა, არის შიში რა თქმა უნდა, თბილისისგან განსხვავებით ეს შიში რეგიონებში უფრო ჩანს, მაგრამ ისიც სახეზეა, რომ შიში აშკარად თანდათან ხერხემალში ტყდება. შესაბამისად, აქციაზე ძალიან ბევრ ადამიანს ველოდებით“, - განაცხადა სუბარმა.

მისი თქმით, ყველამ კარგად იცის, რომ ქვეყნის გადარჩენა, ქვეყნის ხსნა, ხელისუფლების შეცვლაა და რომ ასე გაგრძელება შეუძლებელია.

„მოსახლეობის განწყობა „ქართული ოცნების“ ლიდერის, ბიძინა ივანიშვილის და ზოგადად კოალიციის მიმართ, დადებითია. ბიძინა ივანიშვილის მიმართ ხალხი იმედიანადაა და კეთილგანწყობილია“, - განაცხადა სუბარმა.