უჩა ნანუაშვილი:  ამდენი პატიმარი  არცერთი მინისტრის  პერიოდში არ გარდაცვლილა

უჩა ნანუაშვილი: ამდენი პატიმარი არცერთი მინისტრის პერიოდში არ გარდაცვლილა

ადამიანის უფლებათა ცენტრის წარმომადგენლები პატიმარ ვალერი ჯაფარიძის გარდაცვალების საკითხზე საუბრობენ და სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის ხათუნა კალმახელიძის გადადგომას ითხოვენ. ამის შესახებ ადამიანის უფლებათა დაცვის ცენტრში დღეს, პრესკონფერენცია გაიმართა.როგორც ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი, უჩა ნანუაშვილი აცხადებს, პატიმართა გარდაცვალების სიხშირე სერიოზულ პრობლემად იქცა და აღნიშნა, რომ აუცილებელია ამ საკითხზე პასუხი ვიღაცამ აგოს.

„უკანასკენლი 2 წლის განმავლობაში 282, ბოლო 5 წლის განმავლობაში კი 653 პატიმარია გარდაცვლილი. სამწუხაროდ არცერთ აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით არ ჩატარებულა გამოძიება და არ გამოქვეყნებულა შედეგები. ეს არის საგანგაშო ციფრი, რაზეც ვიღაცამ აუცილებლად უნდა აგოს პასუხი. ამ შემთხვევაში, ეს უნდა იყოს საჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის ხათუნა კალმახელიძის პასუხისმგებლობა. იმიტომ რომ ამდენი პატიმარი საქართველოში არ გარდაცვლილა არცერთი მინისტრის ხელმძღვანელობის პერიოდში“, - განაცხადა ნანუაშვილმა.

მისივე თქმით, ადამიანის უფლებათა ცენტრი პარლამენტარებისთვის მიმართავს აპირებს და იმედს იტოვებს, რომ პარლამენტის წევრები აღნიშნული საკითხით სათანადოდ დაინტერესდებიან და მას პარლამენტში დააყენებენ.

რაც შეეხება ვალერი ჯაფარიძის გარდაცვალების ფაქტს, ნანუაშვილის განცხადებით, მასთან კომუნიკაცია უკვე დასრულებული ჰქონდათ, რადგან მისი მდგომარეობისა და გათავისუფლების შესახებ საქმის განხილვა უნდა დაწყებულიყო.
„როცა ჩვენი ადვოკატი შევიდა იმ დაწესებულებაში, სადაც ჯაფარიძე იმყოფებოდა, ფაქტიურად ის ცოცხალი აღარ იყო, შემდეგ კი გაირკვა, რომ ის გარდაცვლილა. ამის შესახებ ადვოკატს მანამ არანაირი ინფორმაცია არ მიუღია. ჯაფარიძე ჯერ პროზექტურაში გადაიყვანეს, შემდეგ კი თავის მშობლიურ რაიონში“, - განაცხადა ნანუაშვილმა.მისივე თქმით, გარდაცვალების მიზეზი შესაძლოა ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება და მისი ხანგრძლივი ავადმყოფობა გამხდარიყო, საქმის გამოძიებას კი ისინი სამომავლოდ აპირებენ.

„ვაპირებთ გავარკვიოთ რა გარემოებებში მოხდა ეს ფაქტი და რა გახდა მისი გარდაცვალების რეალური მიზეზი. აქ საუბარია ზეწოლის, ცემის ფაქტებზე, ასევე საუბარია ჯანმრთელობის გაუარესებაზე და იმ არაადექვატურ მკურნალობაზე, რომელსაც თვეების განმავლობაში ჯაფარიძის მიმართ ჰქონდა ადგილი“, - განაცხადა ნანუაშვილმა.