დარჩიაშვილმა საბჭოთა კავშირზე მოტირალ ძალებზე ისაუბრა

დარჩიაშვილმა საბჭოთა კავშირზე მოტირალ ძალებზე ისაუბრა

საპარლამენტო უმრავლესობის ერთ–ერთი ლიდერის დავით დარჩიაშვილის შეფასებით, დავით გარეჯთან დაკავშირებით მცდელობაა, რომ ორი მოძმე სტრატეგიული ერის ურთიერთობას პატარა პროვოკაციებით ჩრდილი მიადგეს, რაც არ მოხდება. ამის შესახებ განცხადება დღეს პლენარულ სხდომაზე დარჩიაშვილმა მას შემდეგ გააკეთა, რაც ოპოზიციონერმა დეპუტატმა ჯონდი ბაღათურიამ პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მკაცრად გააკრიტიკა.

დარჩიაშვილის თქმით, სააკაშვილმა ქვეყანა ჭაობიდან ამოიყვანა და მან სახელმწიფოს განვითარებაში დიდი წვლილი შეიტანა.

„თქვენ შეიძლება იმ ჭაობში თავს კარგად გრძნობდით და ახლა, სააკაშვილს  ყველა წარმოსადგენ და წარმოუდგენელ ცოდვას აბრალებთ, მაგრამ მერე ამბობთ, რომ ეს ყველაფერი არაფერია იმასთან შედარებით, რაც დავით გარეჯთან დაკავშირებით ხდება. თქვენი ბრალდებები ისე განსხვავდება ერთმანეთისაგან როგორც ცა და დედამიწა“, – აღნიშნა დარჩიაშვილმა და საბჭოთა რეჟიმის პერიოდი გაიხსენა.

მისივე განმარტებით, აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის ადმინისტრაციული საზღვარი ისე იყო გაყოფილი, რომ საზღვარი ქედზე გადიოდა და დავით გარეჯის სამონასტრო კოპლექსის 2% აზერბაიჯანის მხარეს მოექცა. დარჩიაშვილის თქმით, ამას მაშინ მნიშვნელობა არ ჰქონდა, რადგან საბჭოთა კავშირი იყო.  

„საზღვრების დელიმიტაციის პროცესი ურთულესია და მას ხელშეწყობა უნდა და არა ისე მოქცევა, რომელიც პირველ რიგში, საბჭოთა კავშირის აპლოგლეტებს გაახარებს. მცდელობა არის, რომ ორ მოძმე სტრატეგიული ერის ურთიერთობას პატარა პროვოკაციებით ჩრდილი მიადგეს, მაგრამ ამას ვერ მიიღებთ, რადგან საღი აზრი არის ბაქოშიც და თბილისშიც“, – აცხადებს დარჩიაშვილი.

მანვე „საბჭოთა კავშირზე მოტირალ ძალებზე“ ისაუბრა და აღნიშნა მათ  არაფერი არ გამოუვათ, რადგან „ერთია ისტორიული პროცესები და მეორეა ჯონდი ბაღათურიას გამოსვლები, რომელიც რეალურ პროცესებს აცდენილია“.