მანანა მანჯგალაძე: საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის საკითხის სრულ მოგვარებამდე დავით გარეჯის მოლოცვა ყველა ვიზიტორს შეეძლება

მანანა მანჯგალაძე: საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის საკითხის სრულ მოგვარებამდე დავით გარეჯის მოლოცვა ყველა ვიზიტორს შეეძლება

საქართველოს პრეზიდენტის პრეს-სპიკერის მანანა მანჯგალაძის განცხადებით, ქართული მხარე დარწმუნებულია, რომ საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის საზღვრის დემარკაციასთან დაკავშირებული საკითხები მშვიდ და მეგობრულ ატმოსფეროში მოგვარდება.

მანჯგალაძის თქმით, ნატო-ს ჩიკაგოს სამიტის ფარგლებში საქართველოსა და აზერბაიჯანის პრეზიდენტებს შორის შეხვედრაც გაიმართა და საუბრისას ძირითადი დრო სწორედ დავით-გარეჯთან დაკავშირებით არსებულ პრობლემებს დაეთმო.

„გარდა ამისა, 20 მაისს გაიმართა შეხვედრა ორი ქვეყნის სასაზღვრო უწყებების ხელმძღვანელებს შორის, რომლებმაც არსებული ვითარება ადგილზე – საქართველო-აზერბაიჯანის საზღვარზე განიხილეს. მხარეებმა მიიღეს გადაწყვეტილება, საკითხის სრულ მოგვარებამდე ყველას - როგორც სასულიერო პირებს, ასევე მომლოცველებს დავით-გარეჯის კომპლექსის იმ ნაწილის მონახულების საშუალებაც გააჩნდეთ, რომელთან დაკავშირებითაც გარკვეული სახის პრობლემები წარმოიქმნა“, - განაცხადა  მანჯგალაძემ.

მანჯგალაძემ აღნიშნა, რომ 21 მაისის შემდეგ ახალი რეჟიმით ძალიან ბევრმა ისარგებლა და დავით-გარეჯის ძეგლი სრული სახით მოინახულა.