სახალხო დამცველი ჟურნალისტური საქმიანობის განხორციელებაში ხელის შეშლის ფაქტების შესწავლას მოითხოვს

სახალხო დამცველი ჟურნალისტური საქმიანობის განხორციელებაში ხელის შეშლის ფაქტების შესწავლას მოითხოვს

სახალხო დამცველი, გიორგი ტუღუში ჟურნალისტური საქმიანობის განხორციელებაში ხელის შეშლის ფაქტების შესწავლას მოითხოვს და ამასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. განცხადების თანახმად, ომბუდსმენი წინადადებით მიმართავს საქართველოს მთავარ პროკურორს დაიწყოს გამოძიება 2012 წლის 11 მაისს, დუშეთის რაიონის გამგეობის დაცვის პოლიციის თანამშრომლების მიერ სტუდია „ჯი–ენ–ესის“ ჟურნალისტებისთვის პროფესიული საქმიანობის განხორცილებაში ხელის შეშლის ფაქტზე.

From.ge სახალხო დამცველის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ.

„საქართველოს სახალხო დამცველისთვის მიცემული ახსნა–განმარტებების თანახმად, ზურაბ პატარიძე და ბელა ზაქაიძე 2012 წლის 11 მაისს დუშეთის რაიონის გამგეობის შენობასთან რაიონის გამგებელთან გასაუბრების მიზნით მივიდნენ. ზურაბ პატარიძემ, ჟურნალისტის თხოვნით, 20–30 მეტრის რადიუსიდან გამგეობის შენობის კადრების გადაღება სცადა, რასაც დაცვის პოლიციის თანამშრომლების მხრიდან აგრესია მოჰყვა. კერძოდ, მათ ზურაბ პატარიძეს გადაღება აუკრძალეს, სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს და ფიზიკური შეურაცხყოფით დაემუქრნენ. აღნიშნული დასტურდება ჩვენს ხელთ არსებული ვიდეო მასალით, სადაც ნათლად ჩანს, თუ როგორ უშლიან დუშეთის გამგეობის დაცვის პოლიციის თანამშრომლები ზურაბ პატარიძესა და ბელა ზაქაიძეს ჟურნალისტური საქმიანობის განხორციელებაში ხელს.

აღსანიშნავია, რომ ოპერატორი ცდილობდა გამგეობის შენობის გარე ფასადისა და მისი მიმდებარე ტერიტორიის გადაღებას, რისთვისაც სპეციალურ რეგულაციას ან/და ნებართვას არ ითვალისწინებს საქართველოს კანონმდებლობა.

საქართველოს საქართველოს სახალხო დამცველი ასევე სწავლობს 20 მაისს ჟურნალისტ გელა მთივლიშვილის თავისუფლების შეზღუდვისა და შეურაცხყოფის ფაქტს. კერძოდ 2012 წლის 20 მაისს, გავრცელდა ინფორმაცია სამართალდამცავთა მიერ მცხეთა-მთიანეთის საინფორმაციო ცენტრის ჟურნალისტის დაკავების შესახებ. საქართველოს სახალხო დამცველის წარმომადგენლები საქმის შესწავლის მიზნით იმყოფებოდნენ დაბა თიანეთში, სადაც შეხვდნენ და ახსნა-განმარტებები ჩამოართვეს პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ თიანეთის ოფისის წევრ ქალბატონ რუსუდან სისაურს და ჟურნალისტ გელა მთივლიშვილს.

გელა მთივლიშვილის განმარტებით,  20 მაისს დაახლოებით 13:00 საათზე, 50 მეტრის რადიუსიდან ვიდეოკამერით იღებდა პოლიციის შენობას. მასთან მივიდა სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული პირი, რომელმაც საბუთების წარდგენა მოსთხოვა. მას შემდეგ რაც გელა მთივლიშვილმა განუცხადა, რომ იყო მცხეთა-თიანეთის საინფორმაციო ცენტრის ჟურნალისტი, მასთან პოლიციის ორი თანამშრომელი მივიდა, რომლებმაც გელა მთივლიშვილი პოლიციის შენობაში იძულებით შეიყვანეს და ჩამოართვეს ვიდეოკამერა, საიდანაც ჟურნალისტის მიერ გადაღებული ვიდეო მასალა წაშალეს.

გელა მთივლიშვილის განმარტებით, მას პოლიციის შენობაში სიტყვიერი შეურაცხყოფასთან ერთად ფიზიკურ შეურაცხყოფაც მიაყენეს. ასევე ჟურნალისტის გადმოცემით, დაკავებიდან დაახლოებით ერთ საათში, მას დაემართა ნერვული შეტევა, რის გამოც პოლიციის თანამშრომლებმა გამოიძახეს სასწრაფო დახმარების მანქანა. მოგვიანებით გელა მთივლიშვილი გადაყვანილ იქნა თიანეთის საავადმყოფოში. „ჯეო ჰოსპიტალსის“ მიერ გაცემული ცნობის მიხედვით, გელა მთივლიშვილს აღენიშნება თხემის მიდამოს დაჟეჟილობა.

  შემაშფოთებელია, რომ ბოლო პერიოდში  იმატა ჟურნალისტების მიმართ  პროფესიულ საქმიანობაში ხელშეშლისა და შეურაცხყოფის ფაქტებმა. სამწუხაროა ის გარემოებაც, რომ სამართალდამცავი ორგანების მხრიდან არცერთ მსგავს ფაქტს ჯერჯერობით სათანადო რეაგირება არ მოჰყოლია. საქართველოს სახალხო დამცველი კიდევ ერთხელ  მიმართავს ყველა შესაბამის უწყებას, გაატარონ სწრაფი და ეფექტური ღონისძიებები მედიის წარმომადგენელთა ფიზიკური უსაფრთხოებისა და მათი პროფესიული საქმიანობისათვის სათანადო გარემოს შექმნის მიზნით“, - ნათქვამია სახალხო დამცველის განცხადებაში.