ნინო ბურჯანაძე: ხელისუფლების შესაცვლელად ბრძოლას ნებისმიერი კონსტიტუციური მეთოდით ვაგრძელებთ

ნინო ბურჯანაძე: ხელისუფლების შესაცვლელად ბრძოლას ნებისმიერი კონსტიტუციური მეთოდით ვაგრძელებთ

სასტუმრო „შერატონ მეტეხი პალასში“ 21-26 მაისის მოვლენების წლისთავთან დაკავშირებით „სახალხო კრების“ ღონისძიება დაიწყო.

კრების ღონისძიებას სხვადასხვა პარტიების, მათ შორის ქდმ-ის წევრები ინგა გრიგოლია და ჯაბა სამუშია, კოალიცია „ქართული ოცნების“ წევრი ეკა ბესელია, „სოციალ-დემოკრატიული პარტიის“  ლიდერი გია ჟორჟოლიანი, „თავისუფალი საქართველოს“ ლიდერი კახა კუკავა და ალექსანდრე შალამბერიძე, ასევე პარლამენტარები თამაზ დიასამიძე, დიმიტრი ლორთქიფანიძე, უფლებადამცველი ორგანიზაციების წარმომადგენლები და გასული წლის 21-26 მაისის მოვლენების მონაწილეები ესწრებიან.

„დემოკრატიული მოძრაობა-ერთიანი საქართველოს“ ლიდერის,  ნინო ბურჯანაძის განცხადებით,  „სახალხო კრება“  ხელისუფლების შესაცვლელად ბრძოლას ნებისმიერი კონსტიტუციური მეთოდით აგრძელებს.

„ჩვენ ყველას გვინდა, შევახსენოთ შარშანდელი 26 მაისი, როდესაც ხელისუფლების უპრეცენდენტო ტერორის მიუხედავად, 30 ათასი ადამიანი ქუჩაში პროტესტის გამოსახატავად გამოვიდა. თუ პროცენტულ რაოდენობას შევადარებთ, რამდენია 30 ათასი თბილისისა და საქართველოს მოსახლეობის ფონზე, გარწმუნებთ, ეს ისეთივე მასშტაბის პროცესია, როგორც თუნდაც ეგვიპტეში იყო. მინდა, ყველა მათგანს მადლობა გადავუხადო. ჩვენ ასევე ვიხსენებთ ყველას, ვინც დაიღუპა, პოლიტიკური შეხედულების მიუხედავად“, - განაცხადა ბურჯანაძემ.