მაია ფანჯიკიძე: მოვითხოვთ, ხელისუფლებამ დავით გარეჯთან დაკავშირებით აზერბაიჯანულ მხარესთან არსებული ყველა შეთანხმება საჯარო გახადოს

მაია ფანჯიკიძე: მოვითხოვთ, ხელისუფლებამ დავით გარეჯთან დაკავშირებით აზერბაიჯანულ მხარესთან არსებული ყველა შეთანხმება საჯარო გახადოს

 „კოალიცია  „ქართული ოცნება“   დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის ირგვლივ შექმნილი ვითარებით და ხელისუფლების წარმომადგენელთა უპასუხისმგებლო განცხადებებით შეშფოთებულია“, ამის შესახებ პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ პრესსპიკერმა, მაია ფანჯიკიძემ ტრადიციულ ბრიფინგზე ისაუბრა  და განაცხადა, რომ ეს ჩვენს მეზობელ და სტრატეგიულ პარტნიორ აზერბაიჯანთან ურთიერთობას ძაბავს.

„არც ქართველ და არც აზერბაიჯანელ მეცნიერებს არასდროს დაუყენებიათ ეჭვქვეშ ის გარემოება, რომ დავით გარეჯი ქართული კულტურის ძეგლია“, - განაცხადა ფანჯიკიძემ.

კოალიცია „ქართული ოცნების“ პრესსპიკერი აზერბაიჯანთან საზღვრის დემარკაციის საკითხზე ბოლო ოცი წლის განმავლობაში კონკრეტული შედეგის მიუღწევლობას საქართველოს ხელისუფლების უსუსურობით ხსნის, ფანჯიკიძე აცხადებს, რომ  20 წელზე მეტია, მხარეები საზღვრების დემარკაციის საკითხს განიხილავენ, თუმცა ის, რომ 2007 წლიდან ეს პროცესი ერთი ნაბიჯითაც არ წაწეულა წინ, საქართველოს ხელისუფლების უსუსურობაზე მეტყველებს.

მისივე შეფასებით, იმ ფონზე, როცა დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის მიმდებარე საზღვრებზე შეთანხმება ჯერ კიდევ არ მომხდარა, საქართველოს კულტურის მინისტრისა და საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის მხრიდან გაკეთებული განცხადებები უპასუხისმგებლოა.

შესაბამისად, „ქართული ოცნება“  საქართველოს ხელისუფლებისგან დავით გარეჯთან დაკავშირებით აზერბაიჯანულ მხარესთან არსებული ყველა შეთანხმების გასაჯაროებას მოითხოვს.

„ეს არის ნიკა რურუასა და ნინო კალანდაძის განცხადებები. ეს არის სრულიად უპასუხისმგებლო და კოალიცია „ქართული ოცნებისთვის“ მიუღებელი. მოვითხოვთ, საქართველოს ხელისუფლებამ საჯარო გახადოს დავით გარეჯთან დაკავშირებით აზერბაიჯანულ მხარესთან არსებული ყველა შეთანხმება, მათ შორის 1994 წლის ხელშეკრულება, რომელიც კულტურის მინისტრმა ნიკა რურუამ მისი აღმაშფოთებელი განცხადების საფუძვლად დაასახელა“, - განაცხადა მაია ფანჯიკიძემ.

მისივე თქმით, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით გასული შაბათ-კვირის განმავლობაში კოალიცია „ქართული ოცნების“  წარმომადგენლებმა სხვადასხვა წრეების წარმომადგენლებთან უამრავი შეხვედრა გამართა.

ფანჯიკიძეს მიაჩნია, რომ სტატუსკვოს ამ დროისთის აღდგენა,  არის შედეგი, რომ ხელისუფლებამ სასულიერო პირების, მომლოცველებისა და არასამთავრობოების მოთხოვნის საფუძველზე პოზიცია შეცვალა.