ტერორისტულ ორგანიზაციასთან თანამშრომლობის ბრალდებით თბილისის დემირელის კოლეჯის ერთ-ერთი მმართველი მუსტაფა ემრე ჩაბუქი 24 მაისს დააპატიმრეს. როგორც პროკურორმა განაცხადა, ჩაბუქს ბრალად შეიარაღებული ტერორისტული ორგანიზაციის წევრობა ედება, რაც მძიმე დანაშაულია და განგრძობადობა ახასიათებს, გარდა ამისა, ბრალდებულს შესაძლოა, საქართველოს ტერიტორია დაეტოვებინა - დაცვის მხარე ჩაბუქისთვის 10 000-ლარიანი გირაოს შეფარდებას მოითხოვდა.
პროკურორის განმარტებით, მუსტაფა ემრე ჩაბუქი თავს არიდებს გამოძიებას და თურქული მხარისგან მოწოდებული მასალების თანახმად, მიმალვაში იმყოფება.
ბრალდებული, მუსტაფა ემრი ჩაბუკი აცხადებს, რომ მისთვის წარდგენილი ბრალეულობა სიმართლეს არ შეესაბამება და არანაირი კავშირი არ აქვს ტერორისტულ ორგანიზაციასთან. მან ასევე განმარტა, რომ თურქული მხარისგან არანაირი შეტყობინება არ ჩაბარებია, რომ საგამოძიებო უწყებაში მისულიყო.