მოგესალმებით, პატივცემულო დეპუტატებო,
მოგესალმებით პატივცემულო თავმჯდომარევ,
მთავრობის წევრობის კანდიდატებო,
უპირველეს ყოვლისა, მინდა, მადლობა გადავუხადო ჩვენს ხალხს, ჩვენს ამომრჩეველს, რომელმაც კიდევ ერთხელ გამოუცხადა ნდობა „ქართულ ოცნებას" და მოგვანიჭა ჩვენ მანდატი, რომ მომავალი ოთხი წლის განმავლობაში, მნიშვნელოვნად, კიდევ უფრო უკეთესობისკენ შევცვალოთ ჩვენი თანამემამულეების, ჩვენი მოსახლეობის ყოფა. დიდი იმედი მაქვს, რომ კონსოლიდაციით, მივიღებთ პარლამენტის მანდატს და მაქსიმალურად დავიხარჯებით იმისთვის, რომ ეს ძალიან დიდი ნდობა და უდიდესი პასუხისმგებლობა გავამართლოთ.
მინდა მივმართო მათაც, ვინც განსხვავებული არჩევანი გააკეთა. მინდა ვთქვა, რომ ჩვენ პატივს ვცემთ საქართველოს თითოეული მოქალაქის გადაწყვეტილებას, მათ პოლიტიკურ გემოვნებას და გამოვთქვამთ რწმენას, რომ ჩვენ, როგორც ამ ქვეყნის შვილები, რომელთაც გვაერთიანებს ერთი ამოცანა - ჩვენი საქართველოს, ჩვენი ქვეყნის წინსვლა, იმ პოლიტიკური დიალოგის მეშვეობით, რომელსაც ამ პარლამენტში ექნება ადგილი, შევძლებთ, ჩვენი ქვეყნის ხვალინდელი დღე შევქმნათ ერთად. ამისთვის თითოეული მოქალაქის კონსოლიდაცია იქნება საჭირო და მთელი ქვეყნის, მთელი საზოგადოების ერთიანობა, იმისთვის, რომ ჩვენ გადავდგათ ნაბიჯები, რომელიც ქვეყანაში უკეთეს მომავალს შექმნის.
„ქართულმა ოცნებამ" განვლილი წლების განმავლობაში შექმნა იმის პირობები, რომ დღეს არ არის ხელისუფლების შიში ხალხში, ჩვენი საზოგადოება ძალიან გაზრდილია, პოლიტიკურად მნიშვნელოვნად წინ წასული და მოთხოვნებიც პოლიტიკოსების მიმართ დღეს აბსოლუტურად სხვა რიგისაა და ეს მოთხოვნები ყველა პოლიტიკოსმა აუცილებლად უნდა გავითავისოთ.
ამაყად შემიძლია განვაცხადო, რომ ამ გარდატეხაში, რომელიც ჩვენს ქვეყანაში მოხდა, ძალიან დიდი წვლილი მიუძღვის ჩვენს პოლიტიკურ გუნდს „ქართულ ოცნებას" და, რა თქმა უნდა, მის დამფუძნებელს, ბატონ ბიძინა ივანიშვილს.
მინდა, მადლობა გადავუხადო საპარლამენტო უმრავლესობას გამოცხადებული ნდობისთვის და პრემიერ-მინისტრობის პოსტზე ჩემი კანდიდატურის დასახელებისთვის. დარწმუნებული ვარ, რომ მთავრობა და პარლამენტი, ერთიანი ძალებით, თავდადებით ვიშრომებთ და გავამართლებთ ამ ძალიან დიდ ნდობას.
ჩვენი პოლიტიკური ძალა საკონსტიტუციო უმრავლესობით მოვიდა ხელისუფლებაში, თუმცა ჩვენ ამ უმრავლესობას არ განვიხილავთ, როგორც პრივილეგიას. ჩვენთვის ეს არის უდიდესი შესაძლებლობა, ქვეყნისთვის საჭირო, სწრაფი და შეუფერხებელი გადაწყვეტილებები მივიღოთ. ამავე დროს, ეს არის უდიდესი ანგარიშვალდებულება ჩვენი მოსახლეობის წინაშე და ჩვენ ამას სრულად ვაცნობიერებთ. ჩვენ მზად ვართ, მოვუსმინოთ ყველას და ფართო კონსენსუსის საფუძველზე მივიღოთ ქვეყნისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები.
ჩვენმა მოქალაქეებმა უნდა იცოდნენ, რომ ყველა გადაწყვეტილება მხოლოდ და მხოლოდ ხალხის სასარგებლოდ, სახელმწიფოს ინტერესების დაცვის და ქვეყნის განვითარებისთვის იქნება მიღებული.
როდესაც ქვეყნის განვითარებაზე ვსაუბრობთ, პირველ რიგში, უნდა გავითვალისწინოთ, თუ რა ქვეყანას ვაშენებთ, რა კულტურის ნაწილი ვართ, რა ეპოქის თანამედროვეები და დღეს მსოფლიო ცვლილებების მიჯნაზე, როდესაც ჩვენს თვალწინ იცვლება სამყარო, გვმართებს მივიღოთ გადაწყვეტილებები, რომლებიც ჩვენს ქვეყანას დროის მოცემულ მომენტში ყველაზე უკეთ წაადგება. არც ერთი მცდარი ნაბიჯის გადადგმის უფლება არ გვაქვს ასეთ სიტუაციაში.
ევროპისა და აზიის გასაყარზე თავისი მდებარეობის გამო, საქართველო ყოველთვის იყო კულტურათა დიალოგის, ცივილიზაციათა გადაკვეთის ადგილი და ჩვენ დღესაც უნდა გამოვიყენოთ საქართველოს ეს ღმერთისგან მომადლებული დიდი სიკეთე.
ქართველი ხალხის ისტორიული არჩევანი და ნებაა, იყოს სწორედ ევროპული ოჯახის წევრი და ეს არ არის მხოლოდ პოლიტიკური არჩევანი, ეს მსოფლმხედველობრივი და ცივილიზაციური არჩევანი - ეს არის ჩვენი ერთობა ევროპასთან, ჩვენი სწრაფვა თავისუფლებისკენ, უსაფრთხოებისკენ, მეტი ეკონომიკური შესაძლებლობებისკენ, თითოეული ჩვენი მოქალაქის უკეთესი ცხოვრებისკენ.
ამავე დროს, დღეს უკვე ახალი იმპულსი ეძლევა ისტორიულ აბრეშუმის გზას, რომელიც საქართველოს აძლევს შესაძლებლობას, განავითაროს ეკონომიკა, ვაჭრობა, დაამყაროს ახალი კავშირები და კულტურული ურთიერთობები, კიდევ უფრო უკეთ წარმოაჩინოს ჩვენი ქვეყნის მდიდარი ტრადიციები, საინვესტიციო და კულტურული პოტენციალი, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის. ამით საქართველო შეასრულებს უმოკლესი დამაკავშირებლის როლს ევროპას, აზიას, ახლო აღმოსავლეთს შორის, მით უფრო მაშინ, როდესაც სულ უფრო და უფრო იზრდება კავშირების საჭიროება რეგიონებს შორის.
ამ კონტექსტში ძალიან მნიშვნელოვნად გვესახება ქვეყნის ოთხპუნქტიანი განვითარების გეგმა, რომელიც, ვფიქრობთ, მომავალი ოთხი წლის განმავლობაში ქვეყნის სწრაფი ეკონომიკური განვითარების მნიშვნელოვან წინაპირობებს შექმნის.
ამ გეგმის უპირველესი პრიორიტეტი გახლავთ ქვეყანაში განათლების სისტემაში ძირეული ცვლილებები და ჩვენი ხელისუფლება განათლებას აცხადებს ნომერ პირველ პრიორიტეტად. განათლების რეფორმის ფარგლებში განათლების ყველა ქვემიმართულებით ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯების გადადგმა იგეგმება - იქნება ეს უმაღლესი განათლება, რომელიც კიდევ უფრო მეტად უნდა მოერგოს დღევანდელი განვითარებიდან გამომდინარე საჭიროებებს და ლოგიკას; ეს არის დაწყებითი განათლება, საშუალო განათლება და უპირველეს ყოვლისა პროფესიული განათლება, რომელზეც განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდება, დაემყარება საჯარო და კერძო პარტნიორობის მოდელს, დუალური განათლების პრინციპს, როდესაც, სამუშაო ადგილზე პარალელურად მიმდინარეობს სწავლება. ეს სისტემა ხელმისაწვდომი იქნება არა მხოლოდ ახალგაზრდებისთვის, არამედ, ნებისმიერი ასაკის ადამიანისთვის, რათა, არსებული მოთხოვნებიდან გამომდინარე, ყველა ადამიანმა მოკლევადიან პერიოდში შეიძინოს ის უნარ-ჩვევები, რომელიც მას პირდაპირ ჩართავს შრომის ფერხულში და დაასაქმებს დროის უმოკლეს პერიოდში. მეცნიერებას განსაკუთრებული პრიორიტეტი მიენიჭება და იმ ტრადიციულად ძლიერ მიმართულებებს, რომლითაც საქართველო ყოველთვის იყო გამორჩეული.
სივრცითი განვითარების, სივრცითი მოწყობის გეგმა გულისხმობს პოლიცენტრული ურბანული განვითარების კონცეფრციას. ეს იმას ნიშნავს, რომ საქართველოს ნებისმიერ წერტილში იქნება ხელმისაწვდომი ის მნიშვნელოვანი სერვისები, რომელიც აუცილებელია ჩვენი მოსალხეობისთვის. ეს გულისხმობს საავტომობილო და სარკინიგზო მაგისტრალების, ახალი აეროპორტების მშენებლობას ქვეყნის შიგნით, ეს გულისხმობს ინტერნეტიზაციას, ირიგაციის, ელექტრიფიკაციის სისტემის კიდევ უფრო განვითარებას და ახალი საპორტო ინფრასტრუქტურის მშენებლობას. ამ ყველაფრის შედეგად, ჩვენ მივიღებთ იმას, რომ ქვეყნის ორი ათასზე მეტ დასახლებულ პუნქტში იქნება ხელმისაწვდომი, უპირველეს ყოვლისა, უახლესი ინფორმაცია და ყველა ის სერვისი, რომელიც აუცილებელია ადამიანის ყოფისთვის და დღეს ხელმისაწვდომია მხოლოდ დიდ ქალაქებში. რაც შეეხება რესურსს, რომლითაც ეს ყველაფერი უნდა იყოს მიღწეული, ჩვენ გვაქვს აბსოლუტურად დეტალური გათვლები, დროში გაწერილი გეგმა, რომელი პროექტი როდის უნდა დაიწყოს და რა პერიოდში, რა რესურსით უნდა შესრულდეს.
უმნიშვნელოვანესია ეკონომიკური ზრდის დაჩქარების მიმართულება, რა მიმართულებითაც, პარლამენტმა მიიღო რეინვესტირებულ მოგებაზე მოგების გადასახადის განულების ძალიან მნიშვნელოვანი საკანონმდებლო პაკეტი. ეს არის ესტონური მოდელი, გამოცდილება, რომელიც უკვე აპრობირებულია და ვფიქრობთ, 1-ლი იანვრიდან, როდესაც ეს კანონი ძალაში შევა, ქვეყანაში დამატებით რამდენიმე ასეული მილიონი ლარის საინვესტიციო რესურსი გაჩნდება, რომელიც მოხმარდება ადამიანების დასაქმებას და ახალი საინვესტიციო პროექტების წამოწყებას.
ასევე მნიშვნელოვანია ის ფუნდამენტური ცვლილებები, რომლებიც ნაწილობრივ უკვე განხორციელდა საგადასახადო ადმინისტრირების კუთხით. მომავალში იგეგმება ამ რეფორმის გაგრძელება, რაც მნიშვნელოვნად შეცვლის სახელმწიფო სექტორის დამოკიდებულებას კერძო სექტორისადმი და ვფიქრობთ, ესეც გარკვეულწილად რევოლუციური ცვლილებებია. ასევე უნდა ითქვას, რომ მნიშვნელოვანი ნაბიჯები იგეგმება ეკონომიკური დანაშაულის დეკრიმინალიზაციის კუთხით, რაზეც შიდა გუნდური შეთანხმება უკვე არსებობს და ამ საკითხსაც უახლოეს მომავალში დეტალებში წარმოვადგენთ. ეკონომიკური ზრდის დაჩქარების ბლოკის ერთ-ერთი მიმართულებაა „სტარტაპის ბიზნესის" დაფინანსება, ამ მიმართულებით შევქმენით სპეციალური ინსტიტუტი და 50-ზე მეტი დამწყები ბიზნესი გვყავს უკვე დაფინანსებული ყოველგვარი გირაოს და უზრუნველყოფის გარეშე. ჩართული გვყავს უცხოელი ექსპერტები, რათა მიკერძოებულობის ნებისმიერი შანსი გამოირიცხოს და გამოყენებული იყოს საუკეთესო გამოცდილება ამ მიმართულებით.
ამ რეფორმათა ბლოკის ძალიან მნიშვნელოვანი მიმართულებაა ახალი საპენსიო რეფორმა, რომელიც 2018 წლის 1-ლი იანვრიდან ჩაირთვება. 2017 წლის განმავლობაში მომზადდება საკანონმდებლო და ინსტიტუციური ბაზა, რომელიც აუცილებელია სავალდებულო შენატანებზე დაფუძნებული ე.წ მეორე პილარის საპენსიო სისტემისთვის, რათა ჩვენი მომავალი პენსიონერებისთვის გავაუმჯობესოთ საცხოვრებელი პირობები, ცხოვრების სტანდარტები. ამავე დროს, როგორც მნიშვნელოვანი გადადინების ეფექტი, რომ ამ რეფორმას გააჩნია რამდენიმე ასეული მილიონი ლარის კუმულაციის ეფექტი ყოველწლიურად, რომელიც მოხმარდება ინვესტიციებს საფონდო ბაზრის რეფორმას, რაც მესამე ბლოკის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი რეფორმაა. ყველაფერ ამის შედეგად, ჩვენ მივიღებთ უპირველეს ყოვლისა სოლიდურ საფონდო ბაზარს ქვეყანაში და ადგილზე მნიშვნელოვან ლიკვიდობას, რათა ფასიანი ქაღალდების ბაზრის განვითარება მოხდეს გაცილებით უფრო სწრაფად, ვიდრე დღეს ეს ხდება. ჩვენ დასრულებული გვაქვს ამ მიმართულებით კანონმდებლობის და მარეგულირებელი ბაზის დიაგნოსტიკა აზიის განვითარების ბანკის მეშვეობით და ამ ნაბიჯების გადადგმას უახლოეს მომავალში დავიწყებთ.
მეოთხე მიმართულებაა ასევე ძალიან მნიშვნელოვანი მმართველობის რეფორმა, რომელსაც ორი ქვემიმართულება გააჩნია - სერვისების გაუმჯობესება და სერვისზე ორიენტირებული მთავრობის კონცეფცია.
ბიზნესსახლის კონცეფცია არის მეორე ფაზა. მოგეხსენებათ, ქვეყანაში ფუნქციონირებს იუსტიციის სახლების სისტემა, სადაც ჩვენ გვაქვს ფიზიკური პირებისთვის გვაქვს 400-ზე მეტი სერვისი, ასევე გვაქვს ელექტრონული პლატფორმა, სადაც ხდება ამ სერვისების მიწოდება. მეორე ფაზა გულისხმობს იმ სერვისების მიწოდებას, ერთი ფანჯრის პრინციპით, რომლებიც დღეს გაბნეულია სხვადასხვა სამთავრობო უწყებებში. მოხდება მათი კონსოლიდაცია და რა თქმა უნდა, მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება სერვისის ხარისხი. პარალელურად, იქმნება ელექტრონული პლატფორმაც, რომელიც ელექტრონული მმართველობის სისტემის პრინციპით მიაწვდის ყველა ამ სერვისს იურიდიულ პირებს. ვფიქრობთ, სერვისზე ორიენტირებული მთავრობის კონცეფცია იქნება რევოლუციური ცვლილება სერვისების ხარისხის გაუმჯობესებაში.
მეორე ქვემიმართულებაა ჩართულობითი, ანუ ინკლუზიური მმართველობის განვითარება, რაც გულისხმობს სხვადასხვა პლატფორმის შექმნას, გადაწყვეტილებების მიღების პროცესში ფართო საზოგადოების ჩართულობის უზრუნველსაყოფად. ეს გახლავთ სპეციალური პლატფორმების შექმნა არასამთავრობო სექტორის ჩართულობისთვის, პოლიტიკური სპექტრის, მათ შორის არასაპარლამენტო პოლიტიკური სპექტრისთვის და ასევე, კერძო სექტორის ჩართულობისთვის საინვესტიციო საბჭოს პლატფორმის გამოყენება, რომელიც უკვე შექმნილია და ფუნქციონირებს საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების, სავაჭრო-სამრეწველო პალატისა და წამყვანი ბიზნესასოციაციების მონაწილეობით. ამ ტიპის გადაწყვეტილებების მიღების მექანიზმი უზრუნველყოფს უპირველეს ყოვლისა უფრო მეტ გამჭვირვალობას და მეტ ჩართულობას გადაწყვეტილებების მიღების პროცესში.
უმნიშვნელოვანესი და ფუნდამენტური გახლავთ სასამართლო რეფორმის მესამე ფაზა, რომელიც უახლოეს მომავალში გაგრძელდება პარლამენტში და ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ მესამე ფაზის ფარგლებში დაგეგმილი ცვლილებების შედეგად, სასამართლო სისტემის აღქმა მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება და კიდევ უფრო დაიხვეწება ამ მიმართულებით გადაწყვეტილებების მექანიზმი და სისტემა გაუმჯობესდება. ეს უმნიშვნელოვანესია ქვეყანაში ევროპული ინსტიტუციების და ევროპული სტანდარტების დამკვიდრებისთვის და ძალიან დიდი იმედი გვაქვს, წარმატებით ჩავატარებთ რეფორმის მესამე ფაზას.
ასევე უნდა ითქვას, რომ ასოცირების დღის წესრიგი, რომელიც არა მხოლოდ ჩვენს საგარეო, არამედ შიდა პოლიტიკას განსაზღვრავს, რჩება უმნიშვნელოვანეს პრიორიტეტად. 2017-2020 წლების სამოქმედო გეგმა, რომელიც გულისხმობს უმნიშვნელოვანეს საკანონმდებლო, ინსტიტუციურ, სარეგულაციო ცვლილებებს ქვეყანაში, რჩება ქვეყნის საგზაო რუკად მომავალი სამი წლისთვის და ჩვენ დეკემბრის დასაწყისში ბრიუსელში გვექნება შეხვედრები, ასოცირების საბჭო, სადაც ამ მიმართულებით დაგეგმილ რეფორმებს და პროგრამებს განვიხილავთ.
რა თქმა უნდა, თავისუფალი სავაჭრო შეთანხმება, რომელიც ასოცირების შეთანხმების განუყოფელი ნაწილია, თავის მხრივ განსაზღვრავს ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმების დღის წესრიგს. ეს გახლავთ საბაზრო ეკონომიკის ინსტიტუციური ცვლილებები, კონკურენციის სტანდარტიზაციის, სურსათის უსაფრთხოების მიმართულებით მნიშვნელოვანი ინსტიტუციური და მარეგულირებელი ბაზის ცვლილებები და ამ მიმართულებითაც პრიორიტეტულად გვაქვს გამოყოფილი განსახორციელებელი ცვლილებები.
რაც შეეხება ადამიანის უფლებების დაცვის ინსტიტუციონალიზაციას, ჩვენი სტრატეგიიდან გამომდინარე სამოქმედო გეგმას, მას ფეხდაფეხ მივყვებით. ჩვენთვის ფუნდამენტურია მედიის თავისუფლება და დრეს საქართველოში, ამ კუთხით, გასული ოთხი წლის განმავლობაში მნიშვნელოვანი გაუმჯობესება გვაქვს.
რა თქმა უნდა, გაგრძელდება სამართალდამცავი სისტემის რეფორმა, რომლის ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი უკვე დასრულებულია. რეფორმა გაგრძელდება, რათა კიდევ უფრო გავაუმჯობესოთ ამ მიმართულებით ქვეყნის რეპუტაცია და, უპირველეს ყოვლისა, ეს ყველაფერი მიმართული იქნება ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.
საერთაშორისო მიმართულებით, ჩვენთვის უმნიშვნელოვანეს პრიორიტეტად რჩება ევროკავშირსა და ნატოში ქვეყნის შემდგომი ინტეგრაცია. ამ მიმართულებით ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯებია გადადგმული, ხელი მოეწერა ასოცირების ხელშეკრულებას, ვახორციელებთ შესაბამის რეფორმებს, დასრულებულია ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის განხორციელება და ძალიან დიდი იმედი გვაქვს, უახლოეს მომავალში ამ გადაწყვეტილ4ებასთან დაკავშირებული პროცედურები ევროკავშირში დასრულდება და საქართველოს მოქალაქეები მოქალაქეები მიიღებენ ამ ძალიან მნიშვნელოვან სიკეთეს, რომელსაც ევროკავშირთან დაახლოების სტრატეგია გვთავაზობს.
აშშ-თან სტრატეგიული ურთიერთობა და ამ ჩარჩოდან გამომდინარე ოთხი ძირითადი მიმართულება განსაზღვრავს ჩვენი ორმხრივი ურთიერთობის ძალიან მნიშვნელოვან ხასიათს და ამ სტრატეგიული ურთიერთობის პოტენციალს მაქსიმალურად გამოვიყენებთ ჩვენი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გასაუმჯობესებლად, ხალხთაშორისი ურთიერთობებისა და დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარებისთვის და ეკონომიკური ურთიერთობის პოტენციალის ბოლომდე გამოყენებისთვის. ძალიან სასიხარულოა, რომ ანაკლიის პორტის ინტერესთა გამოხატვის პროცესში გაიმარჯვა კონსორციუმმა, რომლის ერთ-ერთი კომპანია ამერიკული საინჟინრო ფირმაა. ჩვენ დიდი იმედი გვაქვს, პორტის მშენებლობა უახლოეს მომავალში დაიწყება და პირველი სამი წლის განმავლობაში დასრულდება პირველი ფაზა, რომელიც ნახევარ მილიარდ ლარზე მეტ ინვესტიციას გულისხმობს.
ასევე მნიშვნელოვანია ჩვენი რეგიონული ურთიერთობები - სტრატეგიული ურთიერთობები აზერბაიჯანთან, თურქეთთან, აღმოსავლეთ-დასავლეთის დამაკავშირებელი სატრანზიტო, ლოგისტიკური, სატრანსპორტო კვანძების განვითარება, სამხრეთ კავკასიის გაზის სატრანზიტო დერეფნის განვითარება კომპანია BP-სთან ერთად და, რა თქმა უნდა, კეთილმეზობლური, აქტიური სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები სომხეთთან, რომელიც ძალიან პოზიტიური დინამიკით გამოირჩევა. ჩვენ ვაგრძელებთ აღმოსავლეთთან ჩვენი საინვესტიციო და სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების განვითარებას. ძალიან მნიშვნელოვანი მიღწევები გვაქვს ჩინეთის მიმართულებით. რამდენიმე წლის განმავლობაში მოხერხდა აბრეშუმის გზის პროექტის ფარგლებში ეკონომიკური თანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმება, სავაჭრო შეთანხმების შესახებ მოლაპარაკებების დასრულება და უახლოეს მომავალში ჩვენ გვექნება თავისუფალი სავაჭრო შეთანხმება ჩინეთთან. წელს ჩვენ ვგეგმავდით სულ რაღაც 3 მილიონი ბოთლი ქართული ღვინის ექსპორტს ჩინეთში და ძალიან სასიხარულოა, რომ წლის ბოლოს, სავარაუდოდ, 4 - 4,5 მილიონი ბოთლის ექსპორტს განვახორციელებთ, რაც ძალიან მნიშვნელოვანი დივერსიფიკაციის პროცესია იმ ტრადიციული ბაზრებიდან, რომელზეც ქართული ღვინო, როგორც წესი, იყიდებოდა. ეს უმნიშვნელოვანესია ჩვენი ექსპორტის დივერსიფიკაციისთვის, საგადასახდელო ბალანსის სტაბილიზაციისთვის და სავაჭრო ბალანსის გაუმჯობესებისთვის, რაც დღეს დიდი პრობლემაა. სავალუტო კურსის რყევებიც სწორედ იქიდან გამომდინარეობს, რომ ჩვენი ექსპორტის სტრუქტურა არ არის დივერსიფიცირებული საკმარისად, რათა უზრუნველყოს ჩვენი ეროვნული ვალუტის სტაბილური სავალუტო კურსი. ამიტომ, ეს პროცესი გაცილებით მნიშვნელოვანია ჩვენთვის აქედან გამომდინარეც, რომ რომ ჩვენ მოვახდინოთ ექსპორტის დივერსიფდიკაცია და ადგილზე შევქმნათ ფართო სპექტრი იმ პროდუქციის, რომლის ექსპორტიც უნდა მოხდეს. ამ მიმართულებით, პროგრამები, როგორებიცაა - „აწარმოე საქართველოში", სასოფლო პროგრამები - „შეღავათიანი აგროკრედიტი", „დანერგე მომავალი" და ა.შ სწორედ იმას ემსახურება, რომ საექსპორტო პროდუქციის სპექტრი გაფართოვდეს.
რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია ურთიერთობა რუსეთთან. ჩვენ გავაგრძელებთ დეესკალაციის პოლიტიკას რუსეთთან მიმართებაში. რა თქმა უნდა, არანაირი კომპრომისი არ იქნება ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტთან მიმართებაში, მაგრამ ჩვენი მიზანია, ფეხდაფეხ გავაუმჯობესოთ სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები, შევქმნათ წინაპირობები პრობლემების გრძელვადიანი მოგვარებისთვის. მინიმუმ, მოვახდინოთ რეგიონში, ჩვენი ოკუპაციის პრობლემებიდან გამომდინარე არსებული რისკების ნეიტრალიზება და შევქმნათ საკმარისი სტაბილურობა, რომ შესაძლებელი გახდეს ქვეყნის გრძელვადიანი ეკონომიკური დაგეგმვა, არა მხოლოდ ჩვენთვის, არამედ ინვესტორებისთვის. რა თქმა უნდა, დეოკუპაციის და არაღიარების პოლიტიკა რჩევა ჩვენი საგარეო პოლიტიკის ქვაკუთხედად და ამ მიმართულებით გამოვიყენებთ ყველა ფორმატსა და პლატფორმას, რა შესაძლებლობაც დღეს არსებობს.
შერიგების პოლიტიკა - ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი მიმართულებაა, რომლისკენაც ვგეგმავთ, უფრო თამამი ნაბიჯები გადავდგათ, რათა აღვადგინოთ ჩატეხილი ხიდი, აღვადგინოთ ნდობა, ქართველებსა და აფხაზებს, ქართველებსა და ოსებს შორის და მაქსიმალურად შევეცადოთ, ადამიანებს შორის უკეთესი ურთიერთობების გავლით, შევქმნათ წინაპირობები კონფლიქტების პოლიტიკური დარეგულირებისთვის. ამ მიმართულებით, ჩვენ დაგეგმილი გვაქვს გარკვეული ნაბიჯები. ეს ფორმატი ასეთი კონკრეტიკის განხილვას არ ითვალისწინებს და მოხარული ვიქნები, შევქმნათ როგორც საპარლამენტო, ისე - შერეული ფორმატები, რომ ეს ნაბიჯები განვიხილოთ. ერთი რამ ცხადია - სტატუს-კვო, რუტინა, რომელშიც ვიმყოფებით, არ იძლევა საშუალებას, მნიშვნელოვანი ცვლილებები მივიღოთ ამ მიმართულებით და გუნდში ვფიქრობთ, რომ უფრო თამამი ნაბიჯების გადადგმა აუცილებელია, რათა ადამიანებს შორის ურთიერთობა დავათბოთ.
საერთოდ, უნდა ითქვას, რომ ასეთი ამბიციური გეგმების განხორციელებას, რა თქმა უნდა, სჭირდება საერთო ეროვნული კონსენსუსი. ყველა წინადადება, ყველა განცხადება, რომელსაც წინასაარჩევნო პროცესში ვაკეთებდი, რა თქმა უნდა, მომავალშიც გაგრძელდება. მე, ჩემი მხრიდან და ჩემი მთავრობა, ყველაფერს გავაკეთებთ, რომ მაქსიმალურად კონსტრუქციული გახდეს პოლიტიკური პროცესი, იყოს პოლიტიკური დიალოგის შესაძლებლობა, რათა დიალოგის მეშვეობით მივაღწიოთ თუ კონსენსუსს არა, უმრავლესობის თანხმობას (არა მხოლოდ საპარლამენტო უმრავლესობას ვგულისხმობ ამ შემთხვევაში), საზოგადოების უმრავლესობის შეთანხმებებს, ისეთ სტრატეგიულ საკითხებთან მიმართებაში, რომლებიც აუცილებელია, რათა ქვეყანაში მოხდეს თვისობრივი და ხარისხობრივი პოზიტიურ