უმაღლესი სტანდარტის, ულტრათანამედროვე ტექნიკური შესაძლებლობებით აღჭურვილი, 200 მილიონი ლარის ღირებულების საკონცერტო დარბაზი - BLACK SEA ARENA, რომელიც ფონდმა „ქართუმ“ ააშენა, საკუთრებაში სახელმწიფოს გადაეცა - შესაბამის შეთანხმებას ხელი მოაწერეს ფონდის ხელმძღვანელმა ნიკოლოზ ჩხეტიანმა და საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა.
ცერემონიას საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი დაესწრო. მან მადლობა გადაუხადა საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდ ,,ქართუს“ და მის დამფუძნებელს, ბიძინა ივანიშვილს ქართველი ხალხისთვის გაკეთებული განსაკუთრებული საჩუქრისთვის და იმედი გამოთქვა, რომ საკონცერტო დარბაზი სულ მალე მაღალი დონის კონცერტებს, თეატრალურ წარმოდგენებსა და სპორტულ ღონისძიებებს უმასპინძლებს.
“დღეს ჩვენ საქართველოში კიდევ ერთი უნიკალური და მასშტაბური პროექტის განხორციელების მოწმე გავხდით - ქვეყანას შეემატა ულტრათანამედროვე, უმაღლესი დონის საკონცერტო დარბაზი - ,,ბლექ სი არენა“. ეს გახლავთ ფონდი ,,ქართუს“ მიერ განხორციელებული 200-მილიონიანი პროექტი, და დღეს ფონდი ,,ქართუ“ ამ შესანიშნავ საკონცერტო დარბაზს მთლიანად ჩუქნის სახელწიფოს, გადასცემს მას საკუთრებაში. ამ პროექტის განხორციელება უკავშირდება ბატონ ბიძინა ივანიშვილს, მის უპრეცედენტო ქველმოქმედებას, ეს არის მისი სამშობლოს წინაშე ღვაწლის თვალსაჩინო მაგალითი. მინდა, ჩვენი მთავრობის სახელით, გამოვხატო დიდი მადლიერება, განსაკუთრებით იმ იდეის გამო, რომ ასეთი უნიკალური საკონცერტო დარბაზი შეკვეთილის მახლობლად აშენებულიყო. პრაქტიკულად, ეს გახლავთ რეგიონის განვითარების პროექტი. ეს ძალიან მნიშვნელოვანია შავიზღვისპირეთის ამ ნაწილისათვის,” - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
პრემიერის თქმით, ასეთი მასშტაბური ობიექტის აშენება ხელს შეუწყობს ტურიზმის განვითარებას, შესაძლებელს გახდის ადგილობრივი და უცხოელი ინვესტორების მოზიდვას, გაჩნდება დამატებით სამუშაო ადგილები. გიორგი კვირიკაშვილის ინფორმაციით, მხოლოდ მშენებლობაზე 600-ზე მეტი ადამიანი იყო დასაქმებული.
“საკონცერტო დარბაზის ტექნიკური შესაძლებლობები სრულად პასუხობს საერთაშორისო სტანდარტებს, არის თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი, გათვლილია 10 ათასამდე მაყურებელზე, დაპროექტებულია სრული უსაფრთხოების დაცვით, გათვალისწინებულია სტუმრებისათვის სრული კომფორტი და, რაც ძალიან მისასალმებელია, გათვლილია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებზე, არის მათთვის განკუთვნილი ადგილები, რისი პრეცედენტიც, შეიძლება ითქვას, აქამდე არ გვქონია. დარბაზის სივრცე ისეთია, რომ შეუძლია უმასპინძლოს ნებისმიერი მუსიკალური მიმდინარეობის კონცერტებს, თეატრალურ წარმოდგენებსა და სპორტულ ღონისძიებებს. შესაბამისად, დარბაზი მზად არის უმასპინძლოს ნებისმიერ უმაღლესი დონის ვარსკვლავსა თუ შოუპროგრამას,” - აღნიშნა პრემიერმა.
მთავრობის მეთაურის განმარტებით, საკონცერტო დარბაზთან ერთად, სახელმწიფომ, საჩუქრად მიიღო 2016 წლის სექტემბრამდე გაწერილი კულტურული პროგრამა, მსოფლიო და ქართველი ვარსკვლავების მონაწილეობით, რომელიც დაფინანსებულია ფონდ „ქართუს“ მიერ; კონცერტებზე გაყიდული ბილეთებიდან მიღებული მილიონობით ლარი კი სახელმწიფო ბიუჯეტში შევა.
-