ვინ რა პოსტს დაიკავებს თბილისის ახალ საკრებულოში(VIDEO)

ვინ რა პოსტს დაიკავებს თბილისის ახალ საკრებულოში(VIDEO)

თბილისის ახლადარჩეულ საკრებულოში მანდატები უკვე გადანაწილებულია. მთავარ ინტრიგად რჩება, ვინ გახდება საკრებულოს თავმჯდომარე.

კანონის მიხედვით, პირველ პირს ხმათა უმრავლესობით ირჩევენ, ამიტომ ნათელია, რომ გამსვლელი კანდიდატურა "ქართული ოცნებიდან" იქნება, თუმცა საკუთარი კანდიდატურების წარდგენას ოპოზიციაც აპირებს.

"მოამბის" ინფორმაციით, ამ დროისთვის თავმჯდომარის კანდიდატურის პოსტზე წარსადგენად, კულუარებში ყველაზე აქტიურად სახელდება "ქართული ოცნების" პროპორციული სიის მეთერთმეტე ნომერი – თამარ ტალიაშვილი. უმცირესობას, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის სამი მოადგილიდან, მინიმუმ ორი პოსტის დაკავების პრეტენზია ექნება – ამ თანამდებობებზე "ნაციონალური მოძრაობიდან" სევდია უგრეხელიძე, "ბურჯანაძე - ერთიანი ოპოზიციიდან" ზაზა ვეკუა და "საქართველოს პატრიოტთა ალიანსიდან" სოსო მანჯავიძე იბრძოლებენ.

ამ დროისთვის ღიად რჩება იმ კანდიდატთა ვინაობაც, რომლებსაც საკრებულოს 14 კომისიის თავმჯდომარის პოსტებზე დააყენებენ. თუმცა, "პატრიოტთა ალიანსში" და "ბურჯანაძე - ერთიან ოპოზიციაში" აცხადებენ, რომ სარევიზიო კომისიის თავმჯდომარედ საბურთალოს რაიონის მაჟორიტარ კანდიდატ ალეკო ელისაშვილს დაუჭერენ მხარს.