პრეზიდენტის ადმინისტრაცია უმაღლესი რანგის პირებმა დატოვეს. პრეზიდენტის მრჩეველი ვანო მაჭავარიანი და ადმინისტრაციის უფროსი ლაშა აბაშიძე თანამდებობიდან გადადგნენ. პრეზიდენტის ყოფილი მრჩეველი ვანო მაჭავარიანი ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის თოქ-შოუ „კვირის თემაში“ პოსტის დატოვების შესახებ პირველ სატელევიზიო კომენტარს აკეთებს და აცხადებს, რომ მან პოსტი პრეზიდენტის თხოვნის საფუძველზე დატოვა.
„გიორგი მარგველაშვილთან სამუშაოდ მივედი მისივე თხოვნით, როგორც წინასაარჩევნო კამპანიის დროს, ასევე შემდეგ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში. მისი თხოვნის საფუძველზე დავწერე განცხადება და გადავდექი თანამდებობიდან “, - განაცხადა მაჭავარიანმა.
მაჭავარიანი უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ გიორგი მარგველაშვილმა მისი გადაყენების შესახებ გადაწყვეტილება ბიძინა ივანიშვილის მოსაზრების გამო მიიღო, თუმცა, ასევე, დასძენს, რომ მას ლაშა აბაშიძესთან გარკვეულ საკითხებში აზრთა სხვაობა ჰქონდა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა თავისი მრჩეველი ვანო მაჭავარიანი თანამდებობიდან გადააყენა. ქვეყნის პირველმა პირმა აღნიშნულის შესახებ განკარგულებას ხელი უკვე მოაწერა.
„გათავისუფლდეს ივანე მაჭავარიანი საქართველოს პრეზიდენტის მრჩევლის - საგარეო ურთიერთობათა მდივნის თანამდებობიდან 2014 წლის 13 ივნისიდან საკუთარი ინიციატივით, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 95-ე მუხლის საფუძველზე“, - აღნიშნულია განკარგულებაში.