ქართველი სამხედროები ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში მიემგზავრებიან (ვიდეო)

ქართველი სამხედროები ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში მიემგზავრებიან (ვიდეო)

საქართველოს შეიარაღებული ძალები ევროკავშირის ეგიდით წარმოებულ ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკის სამშვიდობო მისიაში პირველად ერთვება. დღეს, ვაზიანის IV მექანიზირებული ბრიგადის სამწყობრო მოედანზე, სამშვიდობო ოპერაციაში მონაწილე ბათუმის ცალკეული მსუბუქი ქვეითი ბატალიონის ასეულის გაცილების ცერემონიალი გაიმართა.

სამშვიდობო მისიაში გამგზავრების წინ ჯარისკაცებს საქართველოს შეიარაღებული ძალების უმაღლესმა მთავარსარდალმა სიტყვით მიმართა.

ქართველ სამხედროებს მისიის წარმატებით განხორციელება და სამშობლოში მშვიდობით დაბრუნება უსურვა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა: „ჩემო მეგობრებო, ქვეყნის საამაყო შვილებო! მინდა თითოეული სამხედრო მოსამსახურის სახელით მოგესალმოთ.

არაფერია იმაზე საამაყო ვიდრე, ვიდგე თქვენს წინაშე, როგორც ამ ქვეყნის თავდაცვის მინისტრი და გაცილებდეთ ერთ-ერთ ყველაზე საპასუხისმგებლო მისიაში.

საქართველოს შეიარაღებულმა ძალებმა არაერთხელ დაამტკიცა, რომ გვერდით დგომა, ერთგულება და პროფესიონალიზმი არავიზე ნაკლებად შეუძლია. ჩვენს ჯარს სამშვიდობო მისიებში მსახურის დიდი გამოცდილება აქვს. თქვენი უმეტესობაც იმყოფებოდა ავღანეთში, ერაყსა თუ კოსოვოში. ამ მისიებში თქვენ ჩვენი მოკავშირე ქვეყნების სამხედროებთან ერთად იცავდით მსოფლიო უსაფრთხოებას. აფრიკის მისია ჩვენი ქვეყნისთვის დიდი გამოწვევაა და მინდა ევროკავშირს მადლობა გადავუხადო ამ ნდობის გამოცხადებისთვის. დარწმუნებული ვარ, თქვენი ძალისხმევით, კვლავ დავუმტკიცებთ მსოფლიოს, რომ მშვიდობის არამარტო მომხმარებელი, არამედ კონტრიბუტორი ქვეყანა ვართ და ყოველთვის ვიქნებით იქ, სადაც გლობალური უსაფრთხოება მოითხოვს.

ყველაზე მთავარი - თქვენი მოტივაცია, გამოცდილება, შინაგანი მზაობა და ვაჟკაცობა მაძლევს უფლებას ვთქვა, რომ ჩვენთვის შეუსრულებელი მისია არ არსებობს.

სამშობლოდან შორს გამხნევებდეთ თქვენი დევიზი - სამშობლო, ღირსება, ერთგულება! ქედს ვიხრი თქვენი გამბედაობის და გმირობის წინაშე. წარმატებებს გისურვებთ, მშვიდობით დაგვიბრუნდით!“ 

სიტყვით გამოსვლისას ქართველი სამხედროების ვაჟკაცობასა და სიმამაცეზე გაამახვილეს ყურადღება საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა ფილიპ დიმიტროვმა და საქართველოში საფრანგეთის ელჩმა რენო სალინსმა.

ქართული ასეულის ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში გაცილების ცერემონიალს უშიშროების საბჭოს მდივანი ირინე იმერლიშვილი, თავდაცვის სამინისტროსა და გენერალური შტაბის ხელმძღვანელი პირები, აღმასრულებელი ხელისუფლებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები დაესწრნენ. ცერემონიალის დასასრულს პირადი შემადგენლობა კაპელანმა, მამა დავითმა დალოცა.

ბათუმის ცალკეული მსუბუქი ქვეითი ბატალიონის სამხედროებს საერთაშორისო ოპერაციაში მონაწილეობის გამოცდილება უკვე აქვთ. დასავლეთ ოპერატიული დაჯგუფების სამხედრო მოსამსახურეები ამერიკული კონტინგენტის შემადგენლობაში, ქაბულში, ბაზა „ფენიქსზე“ ექვსი თვის განმავლობაში მონაწილეობდნენ ISAF-ის საერთაშორისო ოპერაციაში. ევროკავშირის მისიისთვის კი დამატებითი მომზადება მათ ეროვნულ სასწავლო ცენტრ „კრწანისში" გაიარეს. გადასროლისწინა ორთვიანი სწავლება  პატრულირებას, საკონტროლო გამშვები პუნქტების მოწყობას, ბაზის დაცვასა და სამოქმედო არეალში უსაფრთხოების უზრუნველყოფას ითვალისწინებდა. სწავლებაში ასევე, ჩართული იყო ორი ფრანგი ოფიცერი.  მათ ქართველ სამხედროებს გამოცდილება გაუზიარეს, თუ რა გარემოში მოუწევთ მისიის შესრულება.

ქართველი სამხედრო მოსამსახურეები  სამშვიდობო მისიას დედაქალაქ ბანგიში შეასრულებენ. მისია სამოქმედო არეალში უსაფრთხოების უზრუნველყოფას და მდგომარეობის სტაბილიზაციას ითვალისწინებს. ისინი აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიაზე პატრულირებას მოახდენენ.