დაპირისპირება ზუგდიდში და აქცია თენგიზ გუნავას წინააღმდეგ - "ნაციონალური მოძრაობის" საარჩევნო შტაბთან ხმაური დღის პირველ ნახევარშიც იყო. საარჩევნო რეგისტრაციიდან თენგიზ გუნავას კანდიდატურის მოხსნის მოთხოვნით, ადგილზე დაზვერვის ოფიცერ პაატა ქარდავას ოჯახის წევრები იყვნენ შეკრებილი.
6 წლის წინ გაუჩინარებული ქარდავას ახლობლების თქმით, ოფიცრის დაკარგვის დროს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო პოლიციას სწორედ გუნავა ხელმძღვანელობდა.
სიტუაციის განსამუხტად ადგილზე პოლიციის მობილიზება გახდა საჭირო. შტაბთან შეკრებილებს თავად ზუგდიდის გამგებლობის კანდიდატიც შეხვდა. თუმცა შეხვედრა სიტყვიერი დაპირისპირების ფონზე წარიმართა.
თენგიზ გუნავას თქმით, ქარდავა მისი მეგობარი იყო და თავის დროზე რეზონანსული საქმის გამოძიებისთვის ყველაფერი გააკეთა. შეგახსენებთ, რომ დაზვერვის ოფიცრის საქმე გუშინ გახსნილად გამოცხადდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, პაატა ქარდავას გატაცებასა და მკვლელობაში კუდ-ის ყოფილი მაღალჩინოსანი რომან შამათავაა ბრალდებული.